ერისთავი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ერისთავი

ერისთავი დავით − (ფსევდონიმი: „ბარძიმი“), (1847-1890) − დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გ. ერისთავის შვილი.

სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, პეტერბურგის სამკურნალო აკადემიაში, იმოგზაურა ევროპაში და 1871 წ. სამშობლოში დაბრუნდა. კარგად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. დ. ერისთავის ფელეტონები, კრიტიკულ-ლიტერატურული მიმოხილვები და ლექსები (რუსულად ან ქართულად დაწერილი) იბეჭდებოდა „დროებაში“, „სასოფლო გაზეთში“, „კრებულში“, „ივერიაში“, „ფალანგაში“, „ტიფლისსკი ვესტნიკში“, „კავკაზში“ (უკანასკნელ ორ გაზეთს რედაქტორობდა კიდეც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფელეტონები და კრიტიკული წერილები, რომლებიც ასახავს ევროპის ხალხთა ცხოვრებას და მიმოიხილავს ქართველ მწერალთა შემოქმედებას (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“, ა. ფურცელაძის „მაცი ხვიტია“).

დ. ერისთავს სახელი გაუთქვა დრამა „სამშობლომ“, რომელიც 1882 წ. დაიდგა ქართულ სცენაზე და დიდი ხნის განმავლობაში არ მოსცილებია მის რეპერტუარს. ამ პიესისთვის ავტორმა გამოიყენა ფრანგი დრამატურგის სარდუს დრამა „ფლანდრია“, რომელიც ქართულ ნიადაგზე გაშლით სრულიად გააორიგინალურა. დრამის მთავარი დედააზრია სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის გრობა. მის პირველ დადგმას შეურაცხმყოფელი წერილით გამოეხმაურა იმდროინდელი შავრაზმული პრესა, რამაც კანონიერად აღაშფოთა როგორც ქართველი, ისე პროგრესულად მოაზროვნე რუსი ინტელიგენციის წარმომადგენლები. ი. ჭავჭავაძემ „დროებაში“ მოათავსა ცნობილი წერილი „კატკოვის პასუხად“.

დ. ერისთავი ეწეოდა მთარგმნელობითს მოღვაწეობასაც. ნათარგმნი აქვს კრილოვის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჰიუგოს ნაწარმოებები, ოფენბახის „მშვენიერი ელენე“, ჟოზეფის „პარიჟელი ბიჭი“.

ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, დავით ერისთავი, 1892 [[1]];
  • ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია (XIX ს.), 1913 [[2]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები