ავენისის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავენისი. წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ავენისის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი - არქიტექტურული კომპლექსი მდებარეობს სოფელ ავენისის ჩრდილოეთით 100-150 მ. დაშორებით, მდინარე ავენისისხევის მარჯვენა ნაპირას (დუშეთის მუნიციპალიტეტი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია).

კომპლექსში შედის: წმ. გიორგის ეკლესია, სამი საცხოვრებელი ნაგებობა, კამაროვანი მარანი, საწნახელი, გალავანი და სამაროვანი. თარიღდება შუა საუკუნეებით.

კომპლექსის მცირეფართობიანი ტერიტორია აღმოსავლეთ და ნაწილობრივ ჩრდილოეთ მხრიდან საყრდენი კედლითაა გამაგრებული. სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან ეზოს მრუდხაზოვანი მოხაზულობის დაბალი გალავანი აქვს შემორტყმული. ეკლესია ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს დგას და აღმოსავლეთ ფასადით ღელეს გადაჰყურებს. დანარჩენი ნაგებობები ეზოს დასავლეთ ნაწილში მიჯრითაა განლაგებული.

აწერილობა

ტაძარი დარბაზულია (7.65 X 5.6 მ). იგი კომპლექსის ნაგებობათა შორის ყველაზე ადრეულია, განეკუთვნება IX-X საუკუნეებს სამხრეთიდან (მთელ სიგრძეზე) ვიწრო მინაშენი ეკვრის, ხოლო ჩრდილოეთიდან — გეგმით სწორკუთხა სადგომი – სამკვეთლო, რომელიც შესაბამის კედელს მხოლოდ ნახევრამდე გასდევს. ეკლესია ხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვითაა ნაგები. კონსტრუქციის ნაწილებში შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. აღდგენამდე ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამონგრეული იყო დარბაზისა და სამხრეთ მინაშენის კამაროვანი გადახურვა. დანგრეული იყო სამხრეთ მინაშენის სამხრეთ და დასავლეთ კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩამონგრეული იყო ჩრდილოეთ მინაშენის გადახურვის ნაწილი, საპირე წყობის ნაწილი და სხვ.

ავენისი. წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდან აქვს. ღიობი ტიმპანითაა დასრულებული და ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღი ხურავს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის ორივე გვერდში თითო სწორკუთხოვანი ნიშია. აფსიდა გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღი ეყრდნობა შირიმის პროფილირებულ (თარო და ოდნავ შეზნექილი გლუვი სიბრტყე) იმპოსტებს. საკურთხეველი დარბაზისაგან შირიმის ქვებით ნაწყობი კანკელით ყოფილა გამიჯნული. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. შემორჩენილია კამარის საყრდენი, შირიმის შეკიდებული საბჯენი თაღის სამხრეთ ქუსლის წყობა. დარბაზი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან მოწყობილი კარით ჩრდილოეთ მინაშენთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად ჩრდილოეთ მინაშენი აღმოსავლეთით აფსიდით ყოფილა დასრულებული. შემორჩენილია აფსიდის სამხრეთ კუთხის ზედა ნახევარი შირმის მარტივი პროფილის (თარო და შეზნექილი მრუდე ზედაპირი) იმპოსტითურთ და სატრიუმფო თაღის სამხრეთ გვერდის წყობის ნაწილი. მოგვიანებით, ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხის ჩამოშლის შემდეგ, აფსიდა გაუუქმებიათ და სადგომი აღმოსავლეთიდან ირიბად დაყენებული სწორი კედლით შემოუზღუდავთ, რომელიც ფასადის საერთო სიბრტყის მიმართ ერთი საფეხურითაა შეწეული. კედელში ფართო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ მინაშენი ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ვიწრო და გრძელი სადგომია. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. მინაშენის სამხრეთ კედელში ორმალიანი თაღოვანი შესასვლელის აღმოსავლეთ თაღი ამოშენებულია, ხოლო დასავლეთ თაღში ვიწრო შესასვლელია მოწყობილი. მინაშენი მცოცავი კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ჩრდილოეთ ქუსლი ეკლესიის სამხრეთ კედლის ზედა ნაწილის შეთხელებით გამოყვანილ საფეხურს ეყრდნობოდა.

ფასადები სადაა. კედლები დასრულებული ყოფილა ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირებთან, ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია.

გალავანი და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეებს განეკუთვნება.

კომპლექსის ეზოში და მის გარეთ, სამხრეთით მდებარე ფერდობზე, გამოვლინდა გვიანდელი შუა საუკუნეების სამაროვანი, რომელიც შეიცავს ქრისტიანულ, უინვენტარო ქვის სამარხებს. კომპლექსის ეზოში ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა განვით. შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

თ. დვალი
ზ. კალანდაძე

ლიტერატურა

  • ბოჭოიძე მ., ჭანიშვილი გ., სახითაც თავისთავადი, „ძეგლის მეგობარი“, 1991, | No 1;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები