ავიცენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავიცენა

ავიცენა - (იბნ-სინა), Avicena - Ibn Sina, Авице́нна - Ибн Сина, 980-1037

შუასაუკუნეთა არაბეთის ექიმი, ფილოსოფოსი, უნივერსალური მეცნიერი. შეიტანა მნივნელოვანი წვლილი ფსიქოლოგიაში. მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. მისი „წიგნი განკურნებისა” 18-ტომიანი ენციკლოპედიაა და ეხება ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას. სახელგანთქმული „მედიცინის კანონი” კი სამედიცინო ენციკლოპედიაა, რომელშიც ავტორის საკუთარ გამოცდილებასთან ერთად განზოგადებულია ბერძენი, რომაელი, ინდოელი, შუააზიელი ექიმების ცოდნა. XVI საუკუნემდე აზიასა და ევროპაში „კანონი” სამედიცინო „ბიბლიის” როლს ასრულებდა. მისი გვარია იბნ-სინა, ხოლო ავიცენა - ამ გვარის ლათინური ფორმაა, რომელიც გახდა ცნობილი ევროპაში.

ავიცენა ფსიქოსომატური მედიცინის სათავეებთან დგას. იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა სხეულებრივი და ფსიქიკური პროცესების ურთიერთმიმართებას ავადმყოფობის აღმოცენებისა და მკურნალობის პროცესში. ავიცენამ ერთერთმა პირველმა დაიწყო ასოციაციათა ექსპერიმენტის გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში: ეუბნებოდა ავადმყოფებს სხვადასხვა სიტყვებს და მათი ასოციაციების შინაარსისა და პულსის შეცვლის მიხედვით არკვევდა დაავადების მიზეზებს და ხასიათს. მასვე მიეწერება ცდა, რომელიც, არსებითად, ექსპერიმენტული ნევროზის კვლევაა: ორი ცხვრიდან ერთი ნორმალურ პირობებში იკვებებოდა, მეორე კი - იქვე მიბმული მგლის თანდასწრებით. იგი საკმარისად ჭამდა, მაგრამ სწრაფად იკლებდა წონაში და მალე მოკვდა. დადასტურდა განმეორებადი და აურიდებელი სტრესის მიერ ღრმა სომატურ ცვლილებათა გამოწვევის ფაქტი (დასწავლილი უმწეობა).

ავიცენა სულის პრობლემატიკას ფილოსოფიის ჭრილშიც განიხილავდა. იგი ორგვარი ფსიქოლოგიის მომხრე იყო, მიჯნავდა რა სულის სამედიცინო ანუ საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ მოაზრებას და ხაზგასმით აღნიშნავდა ექიმის პოზიციის თავისებურებას. ამგვარად, ავიცენა გააზრებულად ავითარებდა ორი გვარის ფსიქოლოგიას - საბუნებისმეტყველო-სამედიცინოს და თეორიულ-ფილოსოფიურს. ორგვარი ფსიქოლოგია, ემპირიული და მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის სახით, სხვა მეცნიერებთანაც იყო წარმოდგენილი, მაგრამ მათთან ეს გარემოება სათანადოდ გაცნობიერებული არ იყო.

ავიცენას თეორიული შეხედულებები სულის სახეებისა და თვისებების შესახებ ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის, ძირითადად არისტოტელეს გავლენითაა ჩამოყალიბებული, თუმცა ბევრ საინტერესო ორიგინალურ აზრსაც შეიცავს. ავიცენას თანახმად, არსებული სინამდვილე ან მატერიალურია, ან სულიერი ანუ სპირიტული. სულის ძალების (თვისებების, უნარების) სამი ჯგუფი გამოიყოფა: ვეგეტაციური, ცხოველური და რაციონალური. ვეგეტაციური და ცხოველური უნარები ორგანული ძალებია იმ გაგებით, რომ ისინი ორგანიზმის შესაბამის ნაწილებს უკავშირდება და სხეულისა და სულის ერთიანი მოქმედების შედეგად ვითარდება. მაგ., მხედველობის უნარი კონკრეტულად უკავშირდება ორგანიზმის ერთ ნაწილს - თვალს. მას აქვს კონკრეტული სხეულებრივი ლოკალიზაცია. შეგრძნების ორგანოში სწორედ ერთერთი უნარია ლოკალიზებული. სამაგიეროდ, ტვინი ყველა უნარის ცენტრალური ორგანოა. ავიცენამ გამოყო ტვინის სხვადასხვა უბანი, რომლებიც შუბლისწილიდან კეფისწილამდე განალაგა და თითოეულს გარკვეული ფსიქიკური უნარი შეუფარდა. XVI საუკუნემდე ასეთი იყო მედიცინის სტანდარტული შეხედულება.

ვეგეტაციური და ცხოველური სულის ფუნქციების გარდა, არსებობს წმინდა სულიერი აქტივობა, რომელიც სხეულზე არაა მიბმული. ესაა რაციონალური სული, რომელშიც ავიცენა, არისტოტელეს მსგავსად, მიჯნავს პრაქტიკულ ინტელექტს და თეორიულ-განსჯით ინტელექტს ანუ განსჯის უნარს. პრაქტიკული ინტელექტი რაციონალური სულის უფრო დაბალი ფორმაა და ადამიანის ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული. ის ახდენს სხეულის რეგულაციას, განაპირობებს მიზანშეწონილ ქცევას და განსჯით ინტელექტს თვითგანხორციელების პირობებს უქმნის. განსჯითი ინტელექტის თვითგანხორციელება გრძნობადი გამოცდილებისაგან განყენებული უნივერსალური ცოდნის შექმნაში მდგომარეობს.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები