ავტომატიზებული კარტოგრაფიული სისტემა
ავტომატიზებული კარტოგრაფიული სისტემა – (automatic(al) mapping system, computer-aided mapping system, CAM), ავტომატური კარტოგრაფიული ხელსაწყოების, კომპიუტერების, პროგრამული და ინფორმაციული საშუალებების საწარმოო და სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსი, რომელიც ფუნქციონირებს როგორც რუკების შედგენისა და გამოყენების ერთიანი სისტემა. აქვს ქვესისტემები: მონაცემთა შეყვანის, მონაცემთა ბაზების მართვის, მონაცემთა ციფრული ფოტოგრამმეტრიული დამუშავების, ინფორმაციის მოდელირებისა და გარდაქმნის, ინფორმაციის ვიზუალიზაციის, ავტომატური ფერდაყოფის, რუკების გამოცემის და სხვ. არსებობს სპეციალიზებული ავტომატური კარტოგრაფიული სისტემები, რომლებიც გათვალისწინებულია: ერთი ტიპის კარტოგრაფიული ნაწარმოების შესაქმნელად (საგზაო ან საზღვაო რუკები), ერთი პროცესის უზრუნველსაყოფად (რუკების განახლება) და სხვ.