ავჭალა
ავჭალა – ქალაქ თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი. იგი ქალაქს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ეკვრის და თბილისის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს.
ქართული საისტორიო ძეგლები ამ ტოპონიმს შუა საუკუნეებიდან იცნობენ. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, კერძოდ, წერს: „განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს, რამეთუ ვიდრე აქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა.. ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკურისა და იორის პირთა...“ ბასილი ეზოსმოძღვრის საისტორიო თხზულება „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ ჰავჭალას უკვე ახალი ფორმით წარმოგვიდგენს: „ზაქარია და ივანე აიღეს ფარკიაკი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდი აქლემი ყუელა ტვირთითა, ცხენი ყუელა შეკაზმული... გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ჭევამდე გლდანისა ტყუე ყოველი“
მემატიანეთა ეს ცნობები ნათელს ხდის, რომ ავჭალა და მისი მიმდებარე ადგილები, – დიდუბის ველი, მთელი მტკვრის მარცხენა სანაპირო მიწები და ივრის პირები ძველად საზამთრო საძოვრებად ყოფილა გამოყენებული, რადგან ეს ტერიტორია სხვა ადგილებთან შედარებით, მხურვალებითა და უთოვლობით გამოირჩევა. შესაძლებელია სიცხის ან ხშირი ქარიანობის გამო შეარქვეს მას ჩვენმა წინაპრებმა ჰავი ან ავი ჭალა.
XIV-XV საუკუნეებში ავჭალა საისტორიო მასალებში სოფლად მოიხსენიება, XVI საუკუნეში უკვე ნასოფლარია.