აზო
აზო/აზონ − არიან-ქართლის მეფე ძვ.წ. IV-III სს. მიჯნაზე. ამ დროს ბერძნები ცდილობდნენ ინდოეთისაკენ მიმავალი ტრანსკავკასიური სამდინარო მარშრუტის ამოქმედებას. თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქე მხარს უჭერს კოლხეთის სანაპირო ზოლის ბერძნულ პოლისებს კოლხი სკეპტუხების (მთავრების) წინააღმდეგ ბრძოლაში, და ამით ხელთ იგდებს მარშრუტის დასაწყისს. შემდეგ ლისიმაქე დაეხმარება აზოსაც, რომლის სამფლობელოც ზღვაზე გადიოდა (კლარჯეთი), და მას მცხეთაში და მთელ ქართლზე გააბატონებს. ამრიგად, მტკვრის ხეობის დიდი ნაწილი უკვე მაკედონიის მეფის ხელშია. ფარნავაზი და მცხეთელი სეფეწულები სირიის მაკედონელ მეფეს, სელევკს უკავშირდებიან. მასაც სურდა აღნიშნული მარშრუტის ხელში ჩაგდება - ეს ხომ, ფაქტობრივად, უდრიდა მონოპოლიას ევროპისათვის სანელებლების მიწოდებაზე.
ფარნავაზი გაიმარჯვებს. აზო ბრძოლაში დაიღუპება. მისი შთამომავალი ბაგადატი (ბაგრატი), სავარაუდოა, რომ ბაგრატიონთა ფეოდალური დინასტიის ფუძემდებელია.
აზოს შესახებ მოგითხრობს ქართული წერილობითი ძეგლები „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და „ქართლის ცხოვრება“. ამ უკანასკნელის მიხედვით აზო მაკედონელია და ალექსანდრეს სარდალი.
ლიტერატურა
- გ. მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ.წ. VI-IV სს. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. სინ, ტ.I, თბ., 1970;
- თ. დონდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით