აკაურთის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაურთას ეკლესია

აკაურთა - V-VI საუკუნეების მიჯნა) ტაძარი, მდებარეობს სოფელ აკაურთაში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ბოლნისის ეპარქია) მდინარე მაშავრის მარცხენა ნაპირზე, ქ. ბოლნისიდან დასავლეთით, 12 კმ დაშორებით, სოფლის ცენტრში, კლდოვანი მთის კალთაზე. XX სსაუკუნის 80-იან წლებში ეკლესიის გაწმენდისას (არქიტ.-რესტავრატორები: რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე) ინტერიერში O-W ღერძზე გამოვლინდა ორი წყვილი გეგმით ჯვრული ფორმის ბურჯი, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქამდე დარბაზულ ეკლესიად მიჩნეული „აკაურთა“ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა.

აკაურთას ეკლესია. დეტალი

სამსაფეხურიან ბაქანზე დაფუძნებული აკაურთის ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის, მორუხო-მომწვანო ტონალობის დიდი ზომის თლილი ქვის კვადრებით. დაცულია რიგების ჰორიზონტალობა. კედლების ზედა ნაწილის თხელი წყობა გვიან, XX საუკუნის დასაწყისში, არის გადაკეთებული. გადაკეთებულია აგრეთვე სახურავი.

ეკლესია გეგმით წარმოადგენდა კვადრატს მიახლოებულ მარტივ სამნავიან კომპოზიციას, რომელიც აღმოსავლეთით უპასტოფორიუმო, ღრმა ნალისებური მოყვანილობის აფსიდით სრულდება. საკურთხეველი შვერილია, გარედან ხუთწახნაგა მოხაზულობის. ინტერიერის ერთადერთ მორთულობას სატრიუმფო თაღის იმპოსტები წარმოადგენს, რომლებიც შემკულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით. ამ ტაძრის იმპოსტები მსგავსებას ავლენს ბოლნისის სიონის (V ს.) იმპოსტებთან. ფასადებიდან კარგად არის შემორჩენილი აღმოსავლეთის სადა, წახნაგოვან სიბრტყეზე პარალელურწირთხლიანი საკურთხევლის სარკმელი, რომელიც ნალისებური თაღით არის დასრულებული. სამხრეთ ფასადზე გამოყენებულია რელიეფური კომპოზიციები. კარს ირგვლივ აყვავებული ვაზის ყლორტი მიუყვება. სამერხულზე გამოსახულია რთული სიმბოლური კომპოზიცია ცხოველებისა და ხეების გამოსახულებით. ამავე ფასადზე, სარკმლის მარჯვნივ, ქვის ფიალისებურად ამოღებულ ზედაპირზე, გამოქანდაკებულია ფარშავანგის რელიეფური გამოსახულება, მარაოსავით გაშლილი კუდით.

ჩრდილოეთ ფასადზე ჩასმულია მოჩუქურთმებული ქვები აყვავებული ჯვრისა და გეომეტრიული ორნამენტის გამოსახულებით, ამ უკანასკნელის ზედა ნაწილში წარწერის ფრაგმენტია შემორჩენილი, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ იკითხება.

აკაურთის ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ბაზილიკაა საქართველოში. მის ადრეულ წარმომავლობაზე მეტყველებს განიერი კედლები, გეგმის კომპოზიცია, კარის სამერხულის (მზიდი კოჭი) განმტვირთავი ნაპრალი, პარალელურწირთხლებიანი ღიობები, ნალისებური მოხაზულობის თაღები და საფასადო დეკორი.


ლიტერატურა

რჩეულიშვილი ლ., ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი, „ქართული ხელოვნება“, 1948, ტ. 2.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები