აკვნის სიმღერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკვნის სიმღერა – ბავშვის დასაძინებელი ლექსი-სიმღერა, აკვანთან შესასრულებელი დედის ან ძიძის მიერ. მისი ძირითადი დანიშნულებაა აკვნის რწევის რიტმს აყოლებულმა ნაზმა და მონოტონურმა მელოდიამ ბავშვს მოჰგვაროს ძილი და სიმშვიდე.

ასეთი სიმღერებისათვის ნიშნეულია პოეტური ტექსტისა და მუსიკალური ენის ერთობლიობა. აკვნის სიმღერა „ნანას“ ან „ნანინას“ უწოდებენ. იგი კარგად გადმოსცემს დედის შინაგან სამყაროს, მდიდარ ფანტაზიას, დაკავშირებულს ბავშვის მომავალთან. „ნანას“ ანუ „ნანინას“ ხშირად „იავნანასთან“ აიგივებენ, რაც ორივესთვის დამახასიათებელი ზოგიერთი საერთო ნიშნის არსებობითაა გამოწვეული. „ნანაც“ და „იავნანაც“, ბავშვისათვისაა გამიზნული, ორივე სიმღერით სრულდება, ორივე მხოლოდ ქალთა რეპერტუარის ნიმუშია და, ხშირ შემთხვევებში მათი რეფრენებიც ერთნაირია. აკვნის სიმღერა მკვეთრად ემიჯნებიან საწესო სიმღერა-საგალობელ „იავნანას“, რომლის ფუნქცია მელოდიური მხარე და სიტყვიერი მასალა დასაძინებელ ლექს-სიმღერებისგან განსხვავებულია.

ყრმათა დასაძინებელი სიმღერები ორ ნაწილად იყოფა. პირველში გამოხატულია ძირითადად დედის საერთო განცდები, გრძნობები, სურვილები და მისწრაფებები, დაქვემდებარებული ბავშვის ინტერესებისადმი, მეორე, უფრო მცირე ნაწილი, მოზარდთა სამყაროს გამოხატავს. ამ უკანასკნელთა საყვარელი სახეებია ცხოველები და ფრინველები.

აკვნის სიმღერები ფორმა-შინაარსის მრავალფეროვნებით ხასიათდება, საისტორიო თემატიკაზე აგებულ დასაძინებელ ლექსებში პატრიოტიზმის ძლიერი გრძნობა იჩენს თავს:

ნანა, შვილო, შამოგევლე,
მტრის გულზე ფეხით შემდგარო,
ნანა, ნანა, ნანინანა,
დედის ღუღუნა ქედანო,
ნანა, ნანა, შვილო, ნანა.

დედა შვილს აკვანშივე მოუწოდებდა ვაჟკაცობისა და გმირობისაკენ:

ეს აკვანი ვაზისაო, ნანინა,
შიგა მწოლი ვარდისაო, ნანინა,
ეს აკვანი ხარატული, ნანინა,
შიგა მწოლი ჩახატული, ნანინა,
გაიზრდები, გაკეთდები, ნანინა,
მკლავი გაგიმაგრდებაო, ნანინა,
სამშობლოს მტერს დაამარცხებ, ნანინა,
ვერვინ გაგიმკლავდებაო, ნანინა.

საგმირო-სავაჟკაცო მოტივზე აგებული სააკვნო ლექსებიდან საყურადღებოა „ინგილოური ნანინა“. საინტერესოა აგრეთვე მეგრული „ნანინა“, რომელშიც ლირიკული ფერებითაა გამოხატული გლეხისა და თავადის ურთიერთობა.

მოგვიანო პერიოდში შექმნილ სააკვნო ლექსებში იგრძნობა ბავშვის დამშვიდებული სუნთქვა და გულისცემა, რაც პოეტურად, აწმყო ცხოვრების მშვიდობიანი მდგომარეობით არის განსაზღვრული. აქ დედები ბავშვებს იმედიანად ესაუბრებიან:

... ახლა დროი შეიცვალა,
სხვა დროი დადგაო,
მაშ, გულმშვიდად დაიძინე,
ნანა, ნანინაო.

სააკვნო პოეზიაში ხშირად იჩენს თავს ლირიკული, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო მოტივები. გვხვდება როგორც ორტაეპიანი, ისე ოთხტაეპიანი და უფრო დიდი მოცულობის ლექსები ჩამოყალიბებული რითმით, გამოკვეთილი რეფრენით და სხვა მხატვრული კომპონენტებით. მაღალმხატვრული პოეტური ხერხები (შედარება, ეპითეტი, გაპიროვნება პარალელიზმი...) შინაარსობლივად მდიდარ აკვნის სიმღერებს ფორმის მხრივაც სრულქმნილს ხდიან.

არსებობს როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული აკვნის სიმღერები ხშირია იმპროვიზაცია. ნანას ლექსი უმთავრესად რვამარცვლიანია.

ფ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 1, 1936;
  • ქს. სიხარულიძე, საბავშვო ფოლკლორი, 1933;
  • შ. ასლანიშვილი, ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, 1954;
  • ა. ღვინიაშვილი, ნარკვევები საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან, 1962;
  • ფ. ზანდუკელი, ქართული აკვნის ლექს-სიმღერები, „მაცნე“, №2, 1964;
  • თ. მამალაძე, ქართული აკვნის ნანა, საქ. ეთნოგრაფიის საკითხები, 1968.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები