ალამა დე მურსია
ალამა დე მურსია – (ინგლ. Alhama de Mursia, რუს. Алама-де-Мурсия), ქალაქი და ბალნეო-კლიმატური კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, მურსიის ოლქის მურსიის პროვინციაში, ქ. მურსიიდან 30 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. მალაგიდან 30 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. გრანადიდან 21 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით და ქ. ალბასეტედან 135 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. რელიეფი ბორცვიანია.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 10,1°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 26,7°C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 304 მმ-ს. ნალექები, ძირითადად, მოდის გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
მცენარეული საფარი – ალამა დე მურსიასა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები, ნუშის ხეები, ციტრუსების (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი) და ზეთისხილის პლანტაციები.
ალამა დე მურსიას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის თერმული (t – 45°C) გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), ქლორიდულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები და ხმელთაშუა ზღვის ჰავა.
ალამა დე მურსიას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები და ინჰალაციები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალამა დე მურსიაში წასასვლელად: გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ალამა დე მურსიასა და მის მიდამოებში (რომაული (ა.წ. I საუკუნე) და არაბული (VIII-IX საუკუნეები) აბანოების ნაშთები; პარკი Sierra Espana და სხვ.), ქ. მურსიაში (მურსიის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (1394-1465 წლები), ამ ტაძრის სამრეკლო (1521-1791 წლები) და მინაშენი – კაპელა დე ხუნტერონი (1490-1570 წლები); წმიდა ხუანის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVII საუკუნე); ფუენსანტას (XVI საუკუნე) და იბერიული (XVIII საუკუნე) რომაულ-კათოლიკური ტაძრები; სანტა-კლარას სახელობის ყოფილი მონასტრის ნაგებობები (XIV საუკუნე); ლოს იერონიმოს სახელობის რომაულ-კათოლიკური მონასტერი (XVII საუკუნე); ალმუდის სასახლე (XVIII საუკუნე); გლორიეტა დე ესპანიას მოედანი და მუნიციპალიტეტის შენობა (XVIII საუკუნე); ხიდები მდინარე სეგურზე – ძველი (XVIII საუკუნე) და ახალი (1903 წელი) სამლოცველოთი; არქიელების რეზიდენცია (XVIII საუკუნე); კლუბ „კასინოს“ შენობა (1847 წელი); უნივერსიტეტის შენობა (1915 წელი); ფ. სალსილიოს და კლარასის მუზეუმები; Park Terra Natura (ზოოპარკი); Aqua Natura Mursia (აკვაპარკი); მურსიის ბუნებრივი პარკი; მარმენორის მარილიანი ტბა-ლაგუნა და სხვ.).