ალბასეტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ალბასეტე

ალბასეტე – (ინგლ. Albacete, რუს, Альбасете), დაბალი მთის საკურორტო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, კასტილია-ლა-მანჩის ოლქის ალბასეტეს პროვინციაში, ქ. მურსიიდან 128 და ქ. ალიკანტედან 138 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. ვალენსიიდან 140 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით და ქ. მადრიდიდან 250 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მესეტის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 686 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის, შეხამებული ნახევრად უდაბნოს ჰავასთან. ზამთარი ზომიერად რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1°С. ზაფხული ცხელია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 30°С. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 346 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულსა (111 მმ) და შემოდგომაზე (103 მმ), მინიმუმი – ზაფხულზე (54 მმ).

მცენარეული საფარი – ალბასეტეს ტერიტორიაზე გავრცელებულია: მარადმწვანე მუხა, ვენახები, ციტრუსებისა და ზეთისხილის ნარგავები. საკურორტო ადგილის მიდამოებში, აღნიშნული მცენარეულობის გარდა, გვხვდება: კალია, მთის იალღუნი, აბზინდა, ჩოღანო, დურღენი, ალფა ბალახი და სხვ.

ალბასეტეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მთის ჰავა შეხამებული ნახევრად უდაბნოს ჰავასთან და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ალბასეტეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალბასეტეში წასასვლელად: დასვენება; ფილტვებისა და თირკმლების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ალბასეტესა და მის მიდამოებში (წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XVI საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის დე ლოს ლიანოსის სახელობის კაპელა ამ ტაძარში; დანებისა და ალბასეტეს პროვინციული მუზეუმები; აბელარდო სანჩესის პარკი; დე ლოდარესის პასაჟი (XIX საუკუნე); VIII საუკუნის ალმანსას ციხესიმაგრე; XVI-XVII საუკუნეებში აშენებული სიმაგრეები, საცხოვრებელი კვარტლები და ცალკე სახლები ვილენში; XV საუკუნის ციხე-დარბაზი ჩინჩილია-დე-მონტე-არაგონი; კუენკას რაიონში მდებარე მავრიტანული ციხედარბაზი (IX საუკუნე), ბოტანიკური ბაღი და სხვ.)

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები