ალა-არჩა (საკურორტო ადგილი ყირგიზეთში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილი, ალა-არჩას მიდამოები

ალა-არჩა – (Ala-Archa, Ала-Арча), კლიმატური საკურორტო ადგილი ყირგიზეთში, ქ. ფიშფექიდან 45 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს ტიან-შანის ყირგიზეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ალა-არჩის ხეობაში, ზღვის ზონიდან 1200-1400 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 60%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა _ 520 მმ-ს. ნალექები, ძირითადად, მოდის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისზე (მარტი-ივნისი). მზის ნათების ხანგრძლივობა შეადგენს 2000 საათს წელიწადში. წელიწადის თბილ პერიოდში გაბატონებულია მთა-ბარის ქარები.

მცენარეული საფარი – ალა-არჩის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ტიან-შანის ნაძვი, არყის ხე, ღვია და სხვ. მცენარეულობის ტიპი ალა-არჩის მიდამოებში დამოკიდებულია ზღვის დონიდან სიმაღლეზე. კერძოდ, ზღვის დონიდან 400-800 მ-ის სიმაღლეზე, ალა-არჩის ხეობის კალთებზე გვხვდება ტიან-შანის ნაძვნარიანი ტყის ნაკვეთები. აღნიშნული ხეობის მარჯვენა კალთებზე და მის გვერდით ხეობებში გავრცელებულია ღვიის ტყეები. ნაძვნარში, აგრეთვე, გვხვდება არყის ხეები, თურქესტნული ცირცელი და, ტენიან ადგილებში, ტირიფი. ზღვის დონიდან 800-1500 მ-ის სიმაღლეზე, ალა-არჩის მიდამოები დაფარულია წვრილკორდიანი მარცვლოვნით, ძირითადად, ველის წივანით. ზღვის დონიდან 1500-2800 მ-ის სიმაღლეზე, ქედის კალთებზე გავრცელებულია: მდელოსა და ველ-მდელოს სხვადასხვა მარცვლოვანი, ბუჩქნარი, ღვიისა და ტიან-შანის ნაძვის ხეები.

ალა-არჩის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ალა-არჩის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალა-არჩაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ალა-არჩიდან 25 კმ-ში და ფიშფექიდან 20 კმ-ში, სოფელ ვორონცოვკაში ფუნქციონირებს სანატორიუმი ტუბერკულოზის მქონე ბავშვებისათვის.

ტურისტული ობიექტები: ალა-არჩასა და მის მიდამოებში (ნაციონალური პარკი „ალა-არჩა“ და ბუნების მუზეუმი; ჩანჩქერი აქ-საი; ისიქ-ქოლისა და სონქოლის ტბები; ყირგიზეთის ნაციონალური გმირის ბაითიკ-ჯუმბეზის მემორიალი (XX საუკუნე) და სხვ. გარდა ამისა, ალა-არჩის ხეობაში გადის 150 ალპინისტური მარშრუტი), ქ. ფიშფექში (ნაქალაქარი „ფიშფექის“ (VII-XII საუკუნეები) და ნაქალაქარი „ჯულის“ („სამჭედლო ციხესიმაგრე“) (VIII-XIII საუკუნეები) ნანგრევების ერთი ნაწილი; 1992-1995 წლებში აშენებული 7 მეჩეთი, მათ შორის დუნგანის და ცენტრალური; ისლამური უნივერსიტეტი (2003 წელი); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (1943-1955 წლები); რუსეთის დიდი მთავრისა, მოციქულთა სწორისა წმიდა ვლადიმერის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (XIX საუკუნის 80-იანი წლები); რუსეთის სტაროვერების თემი (XIX საუკუნის დასასრული); ქრისტიან-პომორების (XX საუკუნის დასაწყისი) თემი; რომაულ-კათოლიკური სალოცავი (XIX საუკუნის 90-იანი წლები); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია (1999-2010 წლები); ევანგელისტური ქრისტიან-ბაპტისტების სალოცავი სახლი (XX საუკუნის 60-იანი წლები); სინაგოგა (XX საუკუნის 50-იანი წლები); VII დღის ადვენტისტების ეკლესია (1996 წელი); ევანგელისტური ქრისტიანების ეკლესია (1997 წელი) და სხვ.; მუზეუმები – ყირგიზეთის სახელმწიფო ისტორიის, გ. აიტიევის სახ. ხელოვნების ნაციონალური, სამხატვრო ნაციონალური აკადემიის ტ. სადიკოვის სახ. გრაფიკული ხელოვნების და სხვ.; ყირგიზეთის მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმები – არქეოლოგიის, ბიოლოგიისა და ზოოლოგიური; მინერალოგიის, სამთო საქმისა და სამთო ტექნოლოგიების ინსტიტუტის გეოლოგიური მუზეუმი და სხვ.; სახლ-მუზეუმები – მ. ფრუნზეს, ი. რაზაკოვის, ა. ტოკომბაევის, ს. ჩუიკოვის, ს. მანუილოვას და სხვ.; გალერეა – Asia gallery; არტ-სალონები – „ტუმარი“ და „ერკინდიკი“; არტ-გალერეა „საიმალუ-უთაში“ და სხვ.; პარკები – კ. ათათიურქის, სკულპტურის, მუხის და სხვ.; მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ბოტანიკური ბაღი; გასართობი კომპლექსი „ფლამინგოს სამყაროში“; ცირკი; იპოდრომი; სკულპტურული კომპლექსი „მანასი“; თავისუფლების ქანდაკება; გამარჯვების მონუმენტი და სხვ.) და ქ. ფიშფექის მიდამოებში (ნაქალაქარი „ფიშფექის“ (VII-XII საუკუნეები) და ნაქალაქარი „ჯულის“ („სამჭედლო ციხესიმაგრე“) (VIII-XIII საუკუნეები) ნანგრევების მეორე ნაწილი, ქ. ფიშფექთან; ბურანის კოშკი (XI საუკუნე) (ქ. ფიშფექიდან 80 კმ-ში, ქ. ტოკმაკთან); სასაფლაო „ყაენების საფლავები“ (XVIII-XIX საუკუნეები) მთა ბოზპელდეკის ძირში; `ბაიტიკის ველი~ (ქ. ფიშფექის სამხრეთ გარეუბანთან); ალამედინის, ისიკ-ათას და შამსის ხეობები; ჩონ-არიკის სახელმწიფო ბოტანიკური ნაკრძალი (ფიშფექიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაბა ბეშ-კუნგეიში); ტორფის სამკურნალო ტალახის საბადო სოფელ კამიშანოვკასთან და სხვ.)

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები