ალბენა
ალბენა – (ინგლ. Albena, რუს. Альбена), ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეო-პელოიდური კურორტი ბულგარეთში, ტოლბუხინის ოლქში, ქ. ტოლბუხინიდან 40 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ ვარნიდან 30 კმ-ში, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით და ქ. ბალჩიკიდან 8 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ბალტატას ნაკრძალის ტერიტორიაზე, ბულგარეთის რივიერის ჩრდილოეთ ნაწილში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ბატოვას შავ ზღვასთან შეერთების რეგიონში. რელიეფი ბორცვიანია.
ჰავა – ზღვისპირა, სუბტროპიკული. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5°C. ზაფხული ცხელია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 29°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 450 მმ-ს.
მცენარეული საფარი - კურორტის ტერიტორიაზე გვხვდება: ფოთლოვანი ხეები (იფანი, თელა, მურყანი, ალვის ხე და სხვ.), პალმები და უამრავი სახეობის ყვავილი. ალბენას მიდამოებში მდებარე ბატოვას მთა დაფარულია ლიანებითა (მაყვალი, ასკილი, როტანგის პალმა, ენდრონიკა და სხვ.) და ფოთლოვანი (იფანი, თელა, მურყანი, ალვის ხე, ბოკვი და სხვ.) ტყეებით.
ალბენას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა ჰავა და ზღვის წყალი; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი; სუსტი მინერალიზაციის ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს გოგირდწყალბადს და ლამის სულფიდური ტალახი.
ალბენაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.); მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და აბაზანები, შესხურებები და გამორეცხვები ამ წყლით; სამკურნალო ტალახის აბაზანები; აპლიკაციები და ტამპონები.
ჩვენებები ალბენაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ალბენაში (ისტორიის მუზეუმი; ხატების გალერეა; ლუნა-პარკი; ბავშვთა რკინიგზა; საცხენოსნო-სპორტული კომპლექსი; ნუდისტთა პლაჟი და სხვ.),
ქ. ალბენას მიდამოებში (რომაული ციხესიმაგრის (ახ.წ. II საუკუნე) ნანგრევები სოფელ კრანევოში; ეთნოგრაფიული მუზეუმი დაბა კავარნაში; ბალტატას ნაკრძალი; ბუნებრივი ნაკრძალი „ლონგოზა“ და სხვ.),
ქ. ბალჩიკში (ფრიგიული რელიგიური პანთეონის უზენაეს ქალღმერთ კიბელეს ტაძრის (ძვ.წ. 280-260 წლები) ნაშთები; მართლმადიდებლური ბულგარული ეკლესიები – მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის (წმიდა ნიკოლას) სახელობის (XIX საუკუნის II ნახევარი), დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის (1898 წელი), წმიდა დიდმოწამე პარასკევას (წმიდა პეტკას-პარასკევას) სახელობის (1935 წელი) და სხვ.; წმიდა ელენე დედოფლის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია; რუმინეთის ყოფილი დედოფლის მარიამ ედინბურგელის ყოვლადწმიდისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის სამლოცველო (1926 წელი), ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია – სასახლე „წყნარი ბუდე“ (ძველი სახელწოდება „განმარტოებული ბუდე“) (1924-1931) პარკით (1921 წელი) და ბოტანიკური ბაღით ამავე ტერიტორიაზე (1955 წელი); სამხატვრო გალერეა; იახტ-კლუბი; გოლფ-კლუბი, ღამის კლუბები და სხვ.),
ქ. ვარნაში (ძველი რომაელების მიერ აშენებული თერმები (ახ.წ. II საუკუნე); მართლმადიდებლური ბულგარული ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის პანაგიის სახელობის (1602 წელი), წმიდა ათანასეს სახელობის (1838 წელი), მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპისისა და საკვირველთმოქმედის წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1859-1865 წლები), წმიდა დიდმოწამე პარასკევას (წმიდა პეტკას-პარასკევას) სახელობის (1901-1907); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ბულგარული საკათედრო ტაძარი (1880-1886 წლები); წმიდა სარქისის (სურბ სარგისი) სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია (1943-1944 წლები); ზღვის ბაღი (XIX საუკუნის დასასრული-XX საუკუნის დასაწყისი); არქეოლოგიური მუზეუმი, დელფინარიუმი და სხვ.) და ქ. ვარნის მიდამოებში (კლდეში ნაკვეთი ყოვლადწმიდა სამების სახელობის ალაჯას მონასტრის (XIX საუკუნის I ნახევარი) ნაშთები; კამჩიას ნაკრძალი და სხვ.).