აინშტაინი ალბერტ
ალბერტ აინშტაინი – (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი, 1879, გერმანია – გ. 18 აპრილი, 1955, აშშ), XX საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი.
ალბერტ აინშტაინი დაიბადა ვიურტემბერგის ქალაქ ულმაში. დადიოდა მიუნხენის სკოლაში, სადაც მათემატიკაში განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა. 1894 წელს მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, იტალიაში, საიდანაც მალე შვეიცარიაში გადავიდნენ. 21 წლის ასაკში დაამთავრა ციურიხის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი. 1901 წელს, შვეიცარიის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ბერნის ფედერალურ საპატენტო ბიუროში ექსპერტის ადგილზე დანიშნეს. უნდა ითქვას, ფიზიკა არასოდეს უსწავლია, იგი უდიდეს მიღწევებს მხოლოდ საკუთარ ნიჭს უნდა უმადლოდეს. მეცნიერული შემოქმედების პირველი დაძაბული და ნაყოფიერი პერიოდი საპატენტო ბიუროში მუშაობის დროს ჰქონდა. ამ დროს ის აქვეყნებს თავის პირველ გენიალურ ნაშრომს ფარდობითობის კერძო თეორიაში, სადაც ამტკიცებს, რომ მატერიის ყველაზე დიდი სიჩქარე ეს არის სინათლის გავრცელების სიჩქარე ვაკუუმში.
აინშტაინმა მოგვცა რელატივისტური მექანიკის ფორმულირება, რომელიც ნიუტონის მოძრაობის კანონებამდე დაიყვანებოდა მცირე სიჩქარეების შემთხვევაში.
1916 წელს დაამთავრა ნაშრომი ფარდობითობის ზოგად თეორიაში, რამაც მისი მეცნიერული შემოქმედების ძირითადი შინაარსი შეადგინა.
ფარდობითობის ზოგადი თეორია გვაძლევს სიმძიმის ველის განტოლების ფორმულირებას და აღწერს ამ ველის ცვლილებას დროში და სივრცეში.
1921 წელს თეორიულ ფიზიკაში დამსახურებისათვის, კერძოდ ფოტოეფექტების კანონების აღმოჩენისთვის აინშტაინს მიენიჭა ნობელის პრემია.
აინშტაინმა პირველმა შემოიტანა ფიზიკაში სინათლის კვანტის ცნება. მანამდე არავის წარმოედგინა, რომ, სინათლის ველი წარმოადგენს სხეულების მიერ დამოუკიდებლად გამოსხივებული და ასევე დამოუკიდებლად შთანთქმული ფოტონების ანუ სინათლის კვანტების ელემენტარული სინათლის ველების ერთობლიობას. მან შექმნა სინათლის კვანტური თეორია და გაავრცელა კვანტური თეორიის იდეები ისეთ ფიზიკურ პროცესებზე, რომლებიც უშუალოდ სინათლესთან არ არის დაკავშირებული.
1905 წელს აინშტაინმა გამოაქვეყნა ბროუნის მოძრაობისადმი მიძღვნილი ნაშრომი. სხვა მისი ნაშრომები ხელს უწყობდნენ კვანტური სტატისტიკის, ეგრეთწოდებული ბოზე-აინშტაინის სტატისტიკის განვითარებას. ამ სტატისტიკამ ფერმი-დირაკის სტატისტიკასთან ერთად დიდი როლი ითამაშა კვანტურ თეორიაში. აინშტაინი არის აგრეთვე მყარი სხეულების ხვედრითი სითბოტევადობის თეორიის ავტორი.
კოლექტიურად მომუშავე თანამედროვე მეცნიერთაგან განსხვავებით აინშტაინი მარტო მუშაობდა. მისი თეორიები იმთავითვე არ იქნა აღიარებული. მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც ვერ იგებდნენ და ინტერესს არ ამჟღავნებდნენ ამ თეორიებისადმი. აინშტაინი მხოლოდ კერძო ალბათობის თეორიის შექმნის შემდეგ იქნა ცნობილი. აინშტაინის მეცნიერული დამსახურებანი ოფიციალურად აღიარეს მხოლოდ 1909 წელს. იგი გახდა ციურიხის უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული პროფესორი, შემდეგ, 1911 წელს, სათავეში ჩაუდგა პრაღის გერმანული უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრას. 1912 წელს დაბრუნდა ორდინარულ პროფესორად ციურიხის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1913 წელს გადავიდა ბერლინში, სადაც მუშაობდა 1933 წლამდე, როდესაც ჰიტლერული დევნის პროტესტის ნიშნად მიატოვა გერმანია და გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ პრისტონში. აქ დარჩა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე და მუშაობდა ფუნდამენტალური მეცნიერების პრისტონის ინსტიტუტში.
გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს.
ზოგიერთი მეცნიერი სრულიად სამართლიანად ადარებს აინშტაინს ნიუტონს. ნიუტონის ფუნდამენტალური თეორიები მთელი საუკუნის მანძილზე ბატონობდა. როგორი იქნება აინშტაინის თეორიების ბედი, ამას დრო გვიჩვენებს.
აინშტაინი, ნიუტონის მსგავსად, მუშაობდა მხოლოდ ფუნდამენტალური ხასიათის ძირითად პრობლემებზე, რომლებსაც მეცნიერების სხვადასხვა დარგის საფუძვლების შექმნამდე მივყავართ. ექსპერიმენტალურ სამუშაოებს არ ატარებდა, არასოდეს არ ეძებდა დაწვრილებით ამოხსნებს თვითონ უსვამდა თავის თავს ამოცანას და დამოუკიდებლად ეძებდა მათი ამოხსნის გზას.
ალბერტ აინშტაინი ძლიერი ხასიათის ადამიანი იყო, ამაზე მეტყველებენ მისი მიღწევები ისეთ პირობებში, როცა მეცნიერული სამყარო აბსოლუტურად უგულებელყოფდა ამ მიღწევებს. გამოირჩეოდა უბრალოებითა და თავმდაბლობით. უყვარდა საიალქნო სპორტი და მუსიკა. შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე.
აინშტაინი ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება.