ალბისოლა მარინა
ალბისოლა მარინა – (ინგლ. Albisola Marina, რუს. Альбисола-Марина), ზღვისპირა კლიმატური კურორტი იტალიაში, ლიგურიის რეგიონში, გენუის პროვინციაში, ქ. გენუიდან 36 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. სავონიდან 3 კმ-ში და კურორტ არენცანოდან 33 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ლიგურიის ზღვის გენუის ყურის ნაპირზე. შედის ლიგურიის რივიერის დასავლეთი ნაწილის (Riviera di Ponente) კურორტთა ჯგუფში. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 7°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 640 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ნოემბერსა და მარტზე, ხოლო მინიმუმი – აგვისტოზე.
ალბისოლა მარინას და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ციტრუსების პლანტაციები, ვენახები, ხეხილის ბაღები (ვაშლი, ატამი, მსხალი, ლეღვი და სხვ.), პალმები, აგავები, მიმოზა და სხვ.
ალბისოლა მარინას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.
ალბისოლა მარინაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები ალბისოლა მარინაში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ალბისოლა მარინას მიდამოებში – ალბისოლა სუპერიორეში (სამხატვრო კერამიკის ქარხანა და მუზეუმი; თანამედროვე კერამიკის გამოფენა; გავოტისა და ფარაჯანის ვილები (XVIII საუკუნე); აგურის ხიდი მდინარე რიო-ბასკოზე; ხელოვნების მუზეუმი და სხვ.), ქ. სავონაში, ქ. გენუაში, კურორტ სან-რემოში და კურორტ ალასიოში.