ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეღვის ნაყოფი და ყვავილი

ლეღვი - სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ის მეჩხერად დატოტვილი ხეა. სიმაღლე 4-12 მ.-ს აღწევს. ნორჩი ყლორტები მომწვანო-ნაცრისფერია, შებუსული ან შიშველი, შეიცავს რძეწვენს. ლეღვი ერთ ან ორსახლიანი მცენარეა.

სარჩევი

ბოტანიკური დაზასიათება

ერთსქესიანი ყვავილები მოთავსებულია ძალზე გამსხვილებულ ყვავილსაჯდომის ღრუში. ყვავილსაჯდომის კედლები გამოფენილია. მრავალი წვრილი ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილით, მამრობითი ყვავილები (მტვრიანიანი) კი მის ზედა ნაწილშია მოქცეული. ნამდვილი ნაყოფი პაწაწინა კაკლუჭაა. ცრუ ნაყოფი საჭმელად იხმარება, ზოგჯერ გაუნაყოფიერებლად ვითარდება. ლეღვი ნიადაგისადმი დიდ მომთხოვნელობას არ იჩენს. ცოცხლობს 100-200 წელს. ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ხშირად გაველურებულია. ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არ ინახება, ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს შაქარს, პექტინოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, მჟავებს, მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით, ცხიმებით, ფერმენტებს-ციზინს, ფიცინს.

აბორიგენული ჯიშების ბიოლოგიური და პომოლოგიური დახასიათება

ლეღვის ხე ითვლება ერთ ერთ უძველეს ნაყოფმომცემ ხეხილად, რომლის წარმოშობის ისტორია და კულტურის დასაწყისი უხსოვარ დროიდან მომდინარეობს. ლეღვის ნაყოფის კვებითი ღირებულება მეტად დიდია იმ მხრივ, რომ დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. ნედლ ნაყოფში შაქარი 25–28%-მდეა, ხოლო გამშრალ ნაყოფში შაქრის რაოდენობა 50–72%-მდე აღწევს.

ლეღვის ჩირი

გარდა შაქრისა ლეღვის ნაყოფი შეიცავს ცილებს 5–6%-მდე (ლიმონის, ვაშლის, ძმრისა და ბორის სიმჟავეებს). ლეღვის ნაყოფს იყენებენ სუფრის ხილად. ლეღვის ნაყოფის მთავარი კვებითი გამოყენება კი ხდება გამშრალი – ჩირის – სახით. მაღალი ხარისხის ლეღვის ჩირის მოხმარება წარმოებს უმად. კომპოტებსა და აგრეთვე საკანდიტრო საქმეში დიდი გამოყენება აქვს.

დაბალი ხარისხის ლეღვის ჩირიდან მზადდება ყავის სუროგატი – ლეღვის ციკორი და იხდება სპირტი. უხარისხო ლეღვის ჩირს კი (წუნი) (წუნად ითვლება ისეთი ლეღვის ჩირი, რომელიც ზედმეტად გამოფიტულია, უხეშია, დაზიანებულია მავნებლებისაგან და სოკოვან დაავადებით). აჭმევენ საქონელს (ღორებსა და რქოსან საქონელსაც).

ლეღვის ჩირის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე მედიცინაში: ლეღვის ნაყოფს აქვს ტანშიგამხსნელი და დამარბილებელი თვისება, რის გამოც ლეღვის ჩირს, წყლისა ან რძის ნაყენს, ყელის დაავადებისას, ივლებენ ყელში და სვამენ კიდეც. აგრეთვე ჩირქოვანი დამუწუკებისას და პირქვე მუწუკების გამოსარწყველად, იდებენ გათუთქულ ან დამბალ ლეღვის ჩირს.

არდა ნაყოფისა თავისი საკმაოდ დიდი სიმკვრივის გამო, ლეღვის ხის მერქანსაც იყენებენ წვრილმანი იარაღებისა და სახლში მოსახმარი ნივთების დასამზადებლად. ლეღვის ხე აგრეთვე კარგ საწვავ მერქანს იძლევა. დაბოლოს, გაცვენილ ლეღვის ფოთლებს აგროვებენ და საქონლის საკვებად იყენებენ (ესპანეთში, იტალიაში, საქართველოში – სამეგრელოსა და აფხაზეთში).

ამრიგად ლეღვის ხის სარგებლიანობა მრავალმხრივია, მაგრამ მისი დიდი ეკონომიური მნიშვნელობა უმთავრესად მისი მაღალხარისხოვანი ნაყოფის ღირებულებით გამოიხატება.

ლეღვის კულტურა, როგორც სამხრეთი ქვეყნების ტიპიური კულტურა, უმთავრესად სამხრეთ ქვეყნებშია გავრცელებული. მის მთავარ გავრცელების რაიონებად ევროპაში ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნები უნდა მივიღოთ, ჩრდილოეთ აფრიკის ჩათვლით. აზიაში კი ლეღვი აბორიგენული კულტურაა და წარმოშობის ქვეყნებიდან (შუა და მცირე აზიიდან) იგი გავრცელებულია ხმელეთის მთელ შუა წელზე. იგი გავრცელებულია თვით ჩინეთ-იაპონიამდე შორეულ აღმოსავლეთით და დასავლეთ სამხრეთისაკენ კი ყირიმამდე და ჩრდილო-კავკასიამდე.

ლეღვი ერთ-ერთ ფართო სამრეწველო კულტურად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში (კალიფორნიასა და ტექასში).

ამიერკავკასიაში ლეღვის კულტურა მნიშვნელოვან ყურადღების ღირსად არის გამხდარი აზერბეიჯანსა და საქართველოში.

საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან ლეღვის კულტურა, როგორც მისი ჯიშურ ფორმათა, ისე საწარმოო-სამრეწველო პირობათა მიხედვით, გავრცელებულია შუა აზიის რესპუბლიკებში. მათ შორის ლეღვის კულტურით უზბეკეთის რესპუბლიკაა მეტად ცნობილი. ასეთია ფერგანის ველი, სადაც წამყვან ჯიშად უზბეკეთის ყვითელი ჯიში ითვლება.

ველური ლეღვის ხე

თუ როდის იქნა გავრცელებული საქართველოში ლეღვის კულტურა ან არის თუ არა ლეღვის ხე აბორიგენი, ამის შესახებ არავითარი ისტორიული მასალა არ მოიპოვება. ლეღვის ჯიშურ ფორმათა სიუხვე, აქ გავრცელებული გარეული თუ მოშინაურებული ფორმები და ხელშემწყობი კლიმატური პირობები მოწმობენ იმას, რომ ლეღვის ხე დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ხალხებისათვის უძველეს დროიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი. უნდა ვიფიქროთ, რომ დღევანდელ ტერიტორიაზე გადმოსახლებულმა ქართველებმა მემკვიდრეობით მიიღეს, სხვა ნაყოფმომცემ ხეხილის სახეებთან ერთად, ლეღვის ნაყოფმომცემი ხეც. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ქართველთა ტომები, რომლებიც წამოსულია არაბეთის მახლობელ ქვეყნებიდან (მესოპოტამიიდან), სადაც ლეღვის ხე პირველად დამკვიდრდა კულტურაში და საიდანაც იგი, როგორც სახე პირველად მცირე აზიის, მერე კი მის მოსაზღვრე ქვეყნებში გავრცელდა, უსათუოდ თან წამოიღებდნენ ლეღვის ხის მაშინდელი დროისათვის ძვირფას ჯიშურ ფორმებსაც, შემდეგში იქაური ლეღვის ზოგიერთი ჯიში აქ პოვებდა შესაფერ საარსებო პირობებს და დამკვიდრდებოდა ისე, როგორც ადგილობრივი ლეღვის ჯიშური ფორმები. საქართველოში, დღესდღეობით მრავლად მოიპოვება ლეღვის სხვადასხვა ტიპის ჯიშები, რომელთა დიდი ნაწილი აბორიგენულია, ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო ნაწილი თანდათანობით შემოტანილია მეზობელ ქვეყნებიდან, უმთავრესად ირანიდან. ლეღვის ჯიშების დიდი სხვადასხვაობა მოცემულია დასავლეთ საქართველოში აფხაზეთ-აჭარაში. რომლებიც წარმოადგენენ ლეღვის კულტურის საწარმოო ცენტრებთან მდებარე უფრო მჭიდრო მოსაზღვრე მხარეებს.

კახეთში არსებული ლეღვის კულტურის წარმოების აგროტექნიკა მეტად პრიმიტულია. ლეღვის ხის გამრავლება ხდება კალმებით, ამონაყრებით და იშვიათად მყნობით. კალმებად იყენებენ ერთწლიან ნაზარდ ტოტებს, 30–40 სმ. სიგრძისას. კალმების ჭრა ხდება მარტო აპრილში. კალმებს აფესვიანებენ ხის მუდმივი განვითარების ადგილზე. ლეღვის ხეს აძლევენ ბუჩქის ფორმას, იშვიათად მას ზრდიან შტამბიან ფორმად. ლეღვის ხის სხვლა სანაყოფედ არ წარმოებს. ლეღვის ხეს აჭრიან მხოლოდ გამხმარ და დაზიანებულ ტოტებს. ლეღვის ხეს მობერებისას აახალგაზრდავებენ მისი ფესვის ყელთან გადაჭრის საშუალებით; თუ ლეღვის ხე შტამბიანია, მაშინ მას აახალგაზრდავებენ მისი ტოტების პირველ სახსრებზე გადაჭრით.

ლეღვის ნაყოფი

კახეთში გავრცელებული ლეღვის ჯიშური ფორმები

კახეთში გავრცელებული ლეღვის ჯიშური ფორმები შემდეგია:

  1. თეთრი ლეღვი – მსხვილნაყოფა.
  2. შავი ლეღვი – მსხვილნაყოფა.
  3. ქალაქურა ლეღვი – მოთეთრო-მომწვანო ნაყოფით სიყვითლეში გადამდინარე ფერით.
  4. ტაბაკა ლეღვი – ბრტყელი ნაყოფით.
  5. გლეხურა ლეღვი – წვრილნაყოფა შავი ლეღვი.
  6. მწვანე ლეღვი.
  7. ოქრო-ლეღვა – წვრილნაყოფა.
  8. შაქარა ლეღვი – წვრილნაყოფა.
  9. ძუძუა ლეღვი – სფერულნაყოფიანი.
  10. შაშალაკა ლეღვი – მოიისფრო ნაყოფით.
  11. ღვინა ლეღვი – მოწითალო ფერის ნაყოფით.
  12. ოსმალური ან დიდი ოსმალური.

აღმოსავლეთ საქართველოში ლეღვის ჯიშურ ფორმათა სხვაობა არ არის დიდი, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ლეღვის უცხოური ჯიშური ფორმების ინტროდუქცია ფართოდ არ წარმოებდა და დღესდღეობით აქ არსებული ლეღვის ჯიშები უმთავრესად ადგილობრივი წარმოშობისა უნდა იყოს.

ლეღვი – ბიბლიური მცენარე

„აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს“. (დაბადება 3, 7)

„… იხილეთ ლეღვი და ყოველნი ხენი, რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თუით უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი? უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაი“. (ლუკა 21, 29–31)

წყარო

  • საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951
  • ბიბლიური მცენარეები
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები