ალგორითმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალგორითმი

1. (ალ- ხორეზმი – ლათინურად Algorithmi) – მიმართვა შემსრულებელს (ადამიანს ან ავტომატს), შეასრულოს მოქმედების ზუსტად განსაზღვრული თანამიმდევრობა, რომელიც მიმართულია მოცემული მიზნის მისაღწევად ან დასმული ამოცანის ამოსახსნელად.


2. IX საუკუნეში არაბმა მათემატიკოსმა ალ-ხორეზმიმ ჩამოაყალიბა პოზიციური სისტემა ნაწარმოებში „ინდური რიცხვის შესახებ“ XII საუკუნეში ეს წიგნი ლათინურად თარგმნა ბონკომპანიმ, რომელიც იწყებოდა სიტყვებით „Dixit Algorithmi“ – „ალ -ხორეზმიმ თქვა“. აქედან წარმოიშვა ტერმინი „ალგორითმი“. შუა საუკუნეების ევროპაში ეს სიტყვა ნიშნავდა ათობითი პოზიციური არითმეტიკის მთლიან სისტემას. დიფერენციალურ აღრიცხვაში ლაიბნიცის შრომის შემდეგ (1684 წ-დან) ამ სიტყვას უწოდებენ მოქმედებათა ყოველგვარ რიგს, ანუ ამა თუ იმ შედეგის მიღებისათვის საჭირო წესებს. ალგორითმის თანამედროვე ცნება ჩამოყალიბდა ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში გედელის, ჩერჩის, ტიურინგის, მარკოვის და სხვ. ნაშრომებში.

თანამედროვე ლოგიკასა და მათემატიკაში ალგორითმს უწოდებენ გარკვეულ ფარგლებში ცვალებადი საწყისი მონაცემების სტანდარტული გარდაქმნის ერთიან კონსტრუქციულ მეთოდს (ზუსტად განსაზღვრულ მითითებათა ინსტრუქციების სისტემას) ან პროცესს.

მრავალი სხვადასხვა ალგორითმი განიხილება ალგებრასა და რიცხვთა თეორიაში, აგრეთვე სხვა მათემატიკურ დარგებში. უმარტივესი ალგორითმებია: წესი, რომლითაც სრულდება არითმეტიკული მოქმედებები, ევკლიდეს ალგორითმი, კვადრატული ფესვის ამოღების ალგორითმი, n-ური რიგის დეტერმინანტის გამოსათვლელი ალგორითმი, სარიუსის მე-3 რიგის დეტერმინანტის გამოსათვლელი ალგორითმი, მატრიცის რანგის გამოსათვლელი ალგორითმი და ა.შ. დამტკიცდა, რომ მრავალი ამოცანისათვის ალგორითმი არ არსებობს.

სხვადასხვა ალგორითმის მოძებნის ან მათი არარსებობის დამტკიცების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მანქანური მათემატიკის მზარდ განვითარებასთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკულად ნებისმიერი ალგორითმის რეალიზების საშუალებას იძლევა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები