ალექსანდრე IV (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე IV – იმერეთის მეფე 1683-1690. 1691-1695 წლებში, ბაგრატ IV-ის უკანონო ვაჟი.

მამის გარდაცვალების შემდეგ იგი გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა და იმერეთის ტახტი გიორგი III გურიელმა (1664-1684) დაიკავა. რომლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა და თავადების ერთმა ჯგუფმა ახალციხის ფაშას სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. სულთანმაც არ დააყოვნა და თავადთა სურვილისამებრ მეფედ ალექსანდრე გამოაცხადა. მისი მეფობისას გაძლიერდა ფეოდალური ანარქია და გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, რასაც თვითონ უწყობდა ხელს: „იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა“ (ფარსადან გიორგაძე). გიორგი გურიელი ტახტის დაბრუნებას ცდილობდა. მას ეხმარებოდნენ გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძეები. მათთან ბრძოლა, 1684 წელს, რიკოთთან შედგა. მეფემ ზემო იმერლების, აბაშიძეებისა და გიორგი მიქელაძის დახმარებით მოწინააღმდეგე დაამარცხა. რაჭის ერისთავი ამ ბრძოლაში მოკლეს, ლიპარტიანი კი ოდიშში გაიქცა. მეფის მომხრეებიდან ლევან აბაშიძე მოკლეს, პაატა კი დაჭრეს და ჭრილობებისაგან მალე გარდაიცვალა.

ტახტისთვის ბრძოლა არ ცხრებოდა. ალექსანდრეს დაუპირისპირდნენ გავლენიანი თავადები და ქართლის მეფე გიორგი XI (1676-1688, 1702-1704). 1689 წელს, როდესაც გიორგი ირანს აუჯანყდა, ალექსანდრემ შაჰთან დაამყარა კავშირი, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის გამო 1690 წელს, სულთნის ბრძანებით. ალექსანდრეს მეფობა ჩამოერთვა და არჩილს გადაეცა. ალექსანდრე ქართლში, ერეკლე I-თნ (1688-1703) გადავიდა და იქიდან დაიწყო მოქმედება: ირანის შაჰს ნაზარალიხანმა სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. შაჰისა და სულთნის გარიგების შემდეგ ტახტი კვლავ ალექსანდრეს ერგო. ალექსანდრე IV ახალციხის ფაშასთან ერთად იმერეთში ჩადის. მისი გაძლიერებით შეშინებული თავადები ღალატობენ არჩილს და ახლა ალექსანდრეს უცხადებენ ერთგულებას. არჩილი იძულებული გახდა ქართლში გადასულიყო და ტახტი ალექსანდრესათვის დაეთმო (1691).

როდესაც ქართლიდან გაძევებული გიორგი XI რაჭის ერისთავმა პაპუნა II-მ (1684-1694) შეიკედლა. გაგულისებულმა ალექსანდრემ რაჭა დალაშქრა (1687). მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. მეფე შეიპყრეს და გიორგი XI-ს მიჰგვარეს რუისში. იქ იგი მოკლეს და იქვე დაასაფლავეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები