ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესია. რომელიც დააარსა წმ. მოციქულმა მარკოზმა. III-IV საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ცნობილი საღვთისმეტყველო სკოლა სადაც წმინდა წერილის განმარტებისას ალეგორიულ-მისტიკურ მეთოდს იყენებდნენ. ამ სკოლის განთქმული წარმომადგენლები იყვნენ წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი (გ. 215) და ორიგენე (გ. 253/254). ეგვიპტის ქრისტიანები იყვნენ ბერმონაზვნობის ერთ-ერთი ფუძემდებლები.

IV-VII საუკუნეებში. ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესია არაერთხელ შეძრა სხვადასხვა სახის მწვალებლობამ (არიანელობა <არიოზობა>, მონოფიზიტობა, მონოთელიტობა). არიოზის მწვალებლობა პირველად დაგმეს ალექსანდრიის ადგილობრივ კრებაზე (320-321) და შემდეგ ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325). არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი იყო ათანასე ალექსანდრიელი, დიდი. ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (451) ეკლესიისგან განკვეთა მონოფიზიტური ბანაკის ერთ-ერთი მეთაური, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე. დიოსკორეს შემდგომი ეპისკოპოსი პროტერიოსი წამებით მოკლეს მონოფიზიტებმა (457), მისი ადგილი დაიკავა მონოფიზიტმა ტიმოთე ელურიმ. V ს. 80-იანი წლებიდან ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესიის საპატრიარქო ტახტი ეკავათ მონოფიზიტებს. მართლმადიდებელმა პატრიარქმა ტახტის დაკავება მხოლოდ 551 წ. შესძლო (აპოლინარიუსი). 633 წ. ალექსანდრიის პატრიარქმა, კიროსმა (კუროს ფაზისელი), ზომიერ მონოფიზიტებთან გაერთიანების მიზნით წამოაყენა ე.წ. მონოენერგიზმის (შემდეგში – მონოთელიტური) დოქტრინა, რომელიც ქრისტეში აღიარებდა ორ ბუნებას (დიოფიზიტიზმი), მაგრამ მხოლოდ ერთ – ღვთიურ – ნებას. ეს მწვალებლობა დაგმეს წმ. სოფრონიუსმა (გ. 638) და წმ. მაქსიმე აღმსარებელმა (582-662), ხოლო საბოლოოდ – მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681). არაბთა და შემდეგ ოსმალთა ხელში ჩავარდნილი ეგვიპტის ქრისტიანები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესიის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო ლათინთა და მუსლიმთა ბრძოლის (ჯვაროსნული ლაშქრობები) დროს და მოგვიანებით მამლუქთა ბატონობის ხანაშიც. არასახარბიელო მდგომარეობაში იყო ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესია XIX ს. და XX ს. I ნახევარშიც. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო არაერთხელ ეცადა, წარემართა დაუძლურებული და მრევლშემცირებული საპატრიარქოს საქმეები, ამ მიზნით იგი ხშირად ერეოდა მის საშინაო საქმეებში. XX ს. პირველი პატრიარქი, რომელიც, მიუხედავად საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების და მსოფლიო საპატრიარქოს დიდი მცდელობისა, ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესიამ დამოუკიდებლად აირჩია წმ. მარკოზის ტახტზე, იყო ნიკოლოზ VI (ვარელოპულოსი, 1968-1986). იგი რამდენჯერმე ეწვია ვიზიტით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს იყო ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში. ნიკოლოზ VI-ის საქართველოში სტუმრობის დროს, 1981 წ. 26 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „ალექსანდრიისა და საქართველოს ეკლესიათა ურთიერთობა დღეს როდი იწყება, ეს კავშირი პირველი საუკუნეებიდანვე არსებობდა. ჩვენს საღვთისმეტყველო ლიტერატურაში იმთავითვე დამკვიდრდა იმ მამების შრომები, რომელნიც დიდების შარავანდით მოსავენ ალექსანდრიის ეკლესიას. ესენი არიან: წმინდა ათანასე დიდი და კირილე; კლიმენტი და მრავალი სხვა. ალექსანდრიის ეკლესიის ასკეტიზმი და მაღალი თეოლოგიური აზრი იზიდავდა ჩვენს ბერებს, რომელნიც ტოვებდნენ საყვარელ სამშობლოს და სამოღვაწეოდ ეგვიპტის უდაბნოებსა და მონასტრებში მიდიოდნენ.

2002 წ. საქართველოს ეკლესიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესიის მეთაური, პაპი და პატრიარქი პეტრე VII (პაპაპეტრუ, 1997-2004). ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესიას რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია.

დღეს ალექსანდრიის მართლმადიდებული ეკლესიაში მოქმედებს 22 ეპარქია, 3 მონასტერი, პაპი და პატრიარქია თეოდორე ჰორეფტაკისი (აირჩიეს 2004 წ. 8 ოქტომბერს). მეთაურის ტიტულია „უნეტარესი“ უღვთაებრივესი და უწმინდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, ეგვიპტისა და სრულიად აფროკისა, მამათა მამა, მწყემსთა მწყემსი, მღვდელმთავართა მღვდელმთავარი; მეცამეტე მოციქული, სამყაროს (მსოფლიოს) მსაჯული“. ალექსანდრიის პაპისა და პატრიარქის იურისდიქციაში შედის აფრიკის ყველა მართლმადიდებლური სამრევლო (მორწმუნეთა საერთო რიცხვი აღწევს 1 მლნ.). მისი კათედრა არის ალექსანდრიაში, რეზიდენციები – კაიროსა და ალექსანდრიაში (ეგვიპტის არაბთა რესპ.).

ე. კოროტკოვა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები