ალექსინ ბორი
ალექსინ ბორი – (ინგლ. Alecsin Bor, რუს. Алексин Бор), ქალაქი რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქში, კლიმატური, სათხილამურო კურორტი ალექსინის რაიონში, ქ. ალექსინიდან 2 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით და ქ. ტულიდან 27 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ოკის (მდინარე ვოლგის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. რელიეფი ბორცვიანია.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -9,7°C. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 78%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 596 მმ-ს.
საკურორტო ადგილის ტერიტორია მდებარეობს ფიჭვნარში. ალექსინ ბორის მიდამოები დაფარულია ფიჭვნარითა და ბუჩქნარით (თხილი, ღვია, ჭანჭყატა, ძახველი, ხეჭრელი და სხვ.), ხოლო ბალახოვან საფარში გავრცელებულია: წითელი მოცვის, მარწყვის, ხახამის, ორფერის, ხარისჩლიქისა და შროშანის რაყები.
ალექსინ ბორის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია სუფთა, ფიტონციდებითა და აეროიონებით გაჯერებული ტყის ჰაერი.
ალექსინ ბორის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალექსინ ბორში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ალექსინ ბორისთვის უახლოესი ტურისტული ობიექტები მდებარეობს ქ. ალექსინში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ტაძრები – ძველი (1688 წელი) და ახალი (1806-1813 წლები); მართლმადიდებლური ეკლესიები – მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (აშენდა 1787 წელს, დაანგრიეს XX საუკუნის 20-იან წლებში და აღადგინეს 1990-2003 წლებში), წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის (2001-2007 წლები), წმიდა ანასტასიას სახელობის (2001-2004 წლები), მეფის ოჯახის მოწამეთა სახელობის (2002 წელი) და ჯვართამაღლების სახელობის (2003-2007 წლები); რუსეთის ტახტის მემკვიდრე, მოწამე ალექსის სახელობის (2006-2011 წლები) მართლმადიდებლური ეკლესია-სამლოცველო (2007 წელი); სამხატვრო-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; კულტურისა და დასვენების პარკი „ჟალკა“ და სხვ.);
ქ. ალექსინის მიდამოებში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ყაზანის ხატის სახელობის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი (1995 წელი) სოფელ კოლიუპანოვოში; მართლმადიდებლური ეკლესიები – მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1747 წელი) სოფელ ფომიშჩევოში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის (1809-1827 წლები) სოფელ აფანასიევოში, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სმოლენსკის ხატის სახელობის (1855 წელი) სოფელ პოპოვკაში და სხვ.; ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატები „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ და „დაღუპულთა სასჯელის“ სახელობის წმიდა წყაროები სოფელ კრასნოეში; დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის წმიდა წყარო სოფელ ეგნიშჩევკაში; ნეტარი ეფროსინიას სახელობის წმიდა წყარო სოფელ კოლიუპანოვოში და სხვ.);
ქ. ტულაში (ტულის კრემლი (XVI საუკუნე); მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრები – ყველაწმიდათა სახელობის (1776-1825 წლები) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის (1898-1902 წლები); მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხარების სახელობის (1692 წელი), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის (1712 წელი), წმიდა ნიკოლა ზარეცკის სახელობის (1730-1734 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის სახელობის (1732 წელი), წინასწარმეტყველი წმიდა ელიას სახელობის (1739-1760 წლები), წმიდა ნიკოლას სახელობის (1749 წელი), ტულის კრემლის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის (1762-1766 წლები), წმიდა მოწამეთა ფლოროსისა და ლავროსის სახელობის (1772-1796 წლები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის შობის სახელობის (1789-1892 წლები), წმიდა მღვდელმოწამე დიმიტრი სალამინელის სახელობის (1795-1801 წლები), წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის (1833-1838 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ფერისცვალების სახელობის (1834-1836 წლები), ყოვლადწმიდა სამების სახელობის (1876-1877 წლები), რუსეთის კეთილმორწმუნე მთავრისა, წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის (1886 წელი), ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის (1895-1901 წლები), ზეციური წმიდა სასწაულის სახელობის (1902-1910 წლები), თორმეტ მოციქულთა სახელობის (1903-1909 წელი), თეოდოს ჩერნიგოველის სახელობის (1903 წელი), ღირსი სერაფიმე საროველის სახელობის (1905 წელი), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სმოლენსკის ხატის სახელობის (1993 წელი), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის დონის ხატის სახელობის (1995 წელი), წმიდა ალექსის სახელობის (2000-2001 წლები) და სხვ.; წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის სტაროვერების ეკლესია (1903-1913 წლები); წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1896 წელი) და სხვ.; მუზეუმები – სამხატვრო, იარაღის, „ტულის სამოვრები“, „ტულის თაფლაკვერი“; ნ. ბელობოროდოვის მემორიალური მუზეუმი; პ. ბელოუსოვის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი; ტულის ოლქის ეგზოტარიუმი; ზოოლოგიური კუთხე (მინი-ზოოპარკი) და სხვ.).