დეკანოზი ალექსი (მესხიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსი მესხიშვილი (დეკანოზი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკანოზი ალექსი (მესხიშვილი) - XVIII საუკუნის შუა წლების საეკლესიო მოღვაწე, ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი. იოანე ბატონიშვილის თქმით, იყო „...მეცნიერი კაცი, მოძღვარი სულიერი ანტონი კათალიკოზისა, მწერალი ხუცურისა და მხედრულისა... ამან მრავალნი საღმრთონი წერილნი და ისტორიანი გადასწერნა“. დეკანოზი ალექსი არის საქართველოში კარგად ცნობილი ალექსი-მესხიშვილების საგვარეულოს ფუძემდებელი.

განსაკუთრებულია მისი, როგორც კალიგრაფის მოღვაწეობა. ის საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელია. მისი ხელწერა გამოირჩევა სილამაზითა და სინატიფით, რასაც თეიმურაზ ბატონიშვილი მაღალ შეფასებას აძლევდა. 15 წლისამ გადაწერა ოთხთავი (5 2715). ხელნაწერი მკვეთრად ჩამოყალიბებული, ლამაზი ნუსხურითაა ნაწერი. მხატვრულად გაფორმებულია სინგურით შესრულებული ასომთავრულით, ხელრთვით, ზოდიაქოებითა და მინიატიურებით, რომლებშიც ჭარბობს ოქროსფერი და ალისფერი ტონები.

30-40-იან წწ. სვეტიცხოვლის დეკანოზია, ხოლო 50-იანი წლებისთვის უკვე ანჩისხატში მოღვაწეობს. ამ პერიოდში გადაწერა მან „მარხვანი“ (A 431), 1731 წ. – სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, მისი გადაწერილია თვენი (A 1093), სადღესასწაულო საგალობლები (S 535 d), სადღესასწაულო ტიპიკონი (S5 535 v).

დეკანოზი ალექსი გადაწერილ ხელნაწერებს ხშირად მხატვრულადაც თვითონ აფორმებდა. მან გადაწერა თეიმურაზ II-ის „განზრახვანი და ვედრებანი“ (S 363), 1753 წ. დეკემბერში – 27 დღის განმავლობაში 232 გვერდი, რაც მის მაღალ შრომისნაყოფიერებაზე მიუთითებს. ალექსი სიგელებსა და საბუთებსაც წერდა.

დეკანოზი ალექსის ნაშრომთაგან აღსანიშნავია „თთუენი“, რომელიც გამართულია რუსული ტიპიკონის მიხედვით. ეს სამუშაო მას 1758 წ. დაუმთავრებია. მან გადაწერა ბევრი სასულიერო შინაარსის წიგნი. უმეტესობა მდიდრულადაა მორთული, რომელნიც გადამწერის კალიგრაფიულ ოსტატობასთან ერთად მის დიდ მხატვრულ გემოვნებასაც ამჟღავნებს (H 1066 ოთხთავი, S 1096 – ჟამნი და ა.შ.).

ალექსი დეკანოზის გადაწერილია აგრეთვე ოთხთავები: H 1114, Q 264,H 1666; ტიპიკონები: A 399, A 459, სჯულის კანონები: A 344, A 478; ქრონოგრაფი H 1671, ჟამნი S 1096, ლოცვანი Q 295, წმინდანთა ცხოვრებანი H 2077.

დეკანოზს განსაკუთრებით უყვარდა ჩართული წერა დიდი, დეკორატიული მთავრული ასოებით, ორნამენტული მოტივები. მან გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული ასოთა მოხატულობის დახვეწასა და განვითარებაში, რითაც წინ წასწია ქართული კალიგრაფიული ხელოვნება. მის ხელნაწერში გვხიბლავს ლამაზად, თანაბარი სიზუსტით გამოყვანილი ასოები. თავისი დროის სტანდარტულ ხელს ის აცოცხლებს სპეციფიკური თავისებურებებით, რაც მას სხვა კალიგრაფთაგან განასხვავებს. წერის მანერისა თუ ასოთა მოხატულობის ეს სპეციფიკურობა ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფიული სკოლის – მესხიშვილთა სკოლის – დამახასიათებლად არის აღიარებული.

დეკანოზი ალექსანდრე დაკრძალულია ანჩისხატის ტაძრის დასავლეთის კარიბჭის წინ.


Logo1.JPG ალექსი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები