ალმათი
ალმათი – (ინგლ. Almati, რუს. Алмати), ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი (1997 წლამდე), წარსულში ცნობილი იყო სახელწოდებით ალმა-ათა. ბალნეო-პელოიდურ-კლიმატური კურორტი. მდებარეობს იმიერილის ალათაუს ჩრდილო ფერდობის ძირში, მთის მდინარეების დიდი და პატარა ალმათინკის გამოზიდვის კონუსზე, ზღვის დონიდან 650-850 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,7°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 23,8°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 600-650 მმ-ს. წვიმები, ძირითადად, მოდის გაზაფხულსა (აპრილ-მაისი) და შემოდგომაზე (ოქტომბერ-ნოემბერი). მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2000 საათია.
ალმათისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ვენახებითა და ხეხილის ბაღებით (ვაშლი, გარგარი, ალუბალი და სხვ.). აგრეთვე გვხვდება: ნაძვის, ვერხვისა და არყის ხეები; კოწახურის, მაყვლისა და ჟოლოს ბარდები.
ალმათის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მაღალი მინერალიზაციის (M – 15,2-15,8გ/დმ3) ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები (შეიცავს იოდს, ბრომს, აზოტსა და კაჟმჟავას) და დაბალი მინერალიზაციის (M – 6,2-7,0 გ/დმ3) ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები; მლაშე თუზ-ქოლის ტბის ლამის სულფიდური ტალახი და დაბალი მთის ჰავა.
ალმათში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მაღალი მინერალიზაციის მინერალური წყლის აბაზანები; დაბალი მინერალიზაციის მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა), გამორეცხვები და შესხურებები აღნიშნული წყლით; ლამის სულფიდური ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; ჰაერისა და მზის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია და სხვ.
ჩვენებები ალმათში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ალმათში (მეჩეთები – ცენტრალური „ნურასტანა“ (1993-1999 წლები), სატაძრო (2007-2010 წლები), ალმათის უნივერსიტეტის (2008-2009 წლები) და სხვ; ყაზახურ-ეგვიპტური ისლამური უნივერსიტეტი (2004 წელი);
ეკლესიები – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (1907 წელი); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ყაზანის ხატის სახელობის (1889-1898 წლები), მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1904 წელი), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის სახელობის (1993-1997 წლები) და სხვ.;
ზღვისპირა სტაროვერების ეკლესია (XIX საუკუნის 90-იანი წლები); ყოვლადქებულთა, თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია; ყოვლადწმიდა სამების სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XX საუკუნის 90-იანი წლები); სომხური სამოციქულო ეკლესია (სურბ ხაჩი) (XX საუკუნის 90-იანი წლები) და სხვ.;
მუზეუმები – ყაზახეთის ცენტრალური სახელმწიფო, წიგნის, ი. კოლასის სახ. ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების, ოქროსა და ძვირფასი ლითონების, ა. კასტეევის სახ. სახვითი ხელოვნების რესპუბლიკური, ალმათის რკინიგზის და სხვ.;
გალერეები – თენგრი უმაი, ოიუ, ულარი, უმაი და სხვ.; სოროსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი; ზოოპარკი; ბოტანიკური ბაღი; ჩანჩქერები და სხვ.);
ქ. ალმათის მიდამოებში (სპორტკომპლექსი „მედეო“; ილე-ალათაუს სახელმწიფო ნაციონალური პარკი; სახელმწიფო ნაციონალური ბუნებრივი პარკი „კოლსაის ტბები“; მთა ქოქ-თობე; ჩარინის კანიონი და სხვ.).