ალმასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2,93 კარატიანი, რვაწახნაგოვანი ყვითელი ალმასი ქალაქ კიმბერლიდან, ფრენსის ბაარდის ოლქი, ჩრდილოეთ კაპლანდის პროვინცია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ალმასი (ანდამანტი, ადამატი, ადამასი, პატიოსანი თვალი) – (სპარს. almâs ალმასი, ბრილიანტი < ძვ. ბერძ. adámas უცვლელი, უმტვრევი, უდრეკი, უძლეველი, მოუთვინიერებელი, მტკიცე ნივთიერება) – ნახშირბადის სუფთა ან ნახევრად სუფთა, გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე, უკიდურესად მტკიცე ფორმა, რომელიც ბუნებრივადაა კრისტალიზებული იზომეტრიულ სისტემაში; ნახშირბადის მეტასტაბილური ალოტროპია. სიმკვრივე – 3500-3530 კგ/მ3; სიმაგრე მოოსის სკალით – 10. ვაკუუმში ან ინერტულ აირში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ალმასი თანდათანობით გრაფიტის ფორმაში გადადის. აღსანიშნავია, რომ ის ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე გრაფიტი, მაგრამ ალმასი გრაფიტში გადასვლის ინტენსივობა სტანდარტულ, ნორმალურ პირობებში უმნიშვნელოა; ითვლება, რომ ალმასი პირველად აღმოაჩინეს და მოიპოვეს ინდოეთში, სადაც მრავალი საუკუნის წინ რამდენიმე მდინარის (მაგ. კრიშნა, გოდავარი) გასწვრივ ამ ძვირფასი ქვის მნიშვნელოვანი რაოდენობის ალუვიური (ბუნებრივად მონატანი, მონარიყი) დანალექები აღმოჩნდა. ინდოეთში ალმასს 3000, შესაძლოა 6000 წლის წინათაც იცნობდნენ. ალმასი უძვირფასეს ქვად იქცა მას შემდეგ, რაც ინდოეთში მისი რელიგიური დანიშნულებით გამოყენება დაიწყეს. საინტერესოა, რომ 1772 წელს ფრანგმა მეცნიერმა ანტუან ლორან ლავუაზიემ, ჟანგბადის გარემოში, გამადიდებელი შუშის მეშვეობით მზის კონცენტრირებული სხივების ალმასზე მიმართვისას შენიშნა, რომ ძვირფასი ქვის წვის ერთადერთი პროდუქტი ნახშირბადის დიოქსიდი იყო. ამით მან დაამტკიცა, რომ აალმასი ნახშირბადისგან (მოლეკულური ფორმულა: C) შედგება. ალმასი ფართოდ გამოყენებოდა ქართულ საიუველირო ხელოვნებაში. ალმასით არის შემკული მცხეთის ნეკროპოლში აღმოჩენილი ნივთები, შუა საუკუნეების ხატები და ხელნაწერთა ყდები. ალმასი ჩვენში ტექნიკური მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. კერძოდ, ალმასით იხვრიტებოდა ძვირფასი ქვებისგან დამზადებული მძივები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ალმასის დამზადება არ ხდებოდა, იგი შემოჰქონდათ ინდოეთიდან, შემდეგ კი ევროპიდან. ალმასი გამოიყენება ასევე მინის საჭრელად. ძველ ქართულ მწერლობაში ალმასის სინონიმია „ანდამატი“. ალმასი არის უფერო ან თეთრი, ყვითელი ნარინჯისფერი, ვარდისფერ-მეწამული, წითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ფოლადისფერი-რუხი, რუხი, შავი ფერის. ყველაზე ძვირფასია შავი ფერის. ა. გარკვეული წესით ხელოვნურად დაწახნაგებულ ალმასს ბრილიანტი ეწოდება;


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები