ალმა-არასანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალმა-არასანი

ალმა-არასანი – (ინგლ. Alma-Arasan, რუა. Алма-Арасан), სოფელი ყაზახეთში, ბალნეო-კლიმატური კურორტი ალმათის ოლქის ყარასაის რაიონში, ქ. ალმათიდან 26 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს იმიერილის ალათაუს ალმა-არასანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1780-1850 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტურია, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7°C. გაზაფხული გრილია და წვიმიანი. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 14°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 880-920 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა 1600 საათია წელიწადში.

კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, ჭერამი), ტიან-შანის ნაძვი და ვერხვი. ალმა-არასანის მიდამოებში არსებული მთების კალთები დაფარულია შერეული ტყეებით (ტიან-შანის ნაძვი და ვერხვი, არყის ხეები, კუნელისა და ცირცელის რაყები).

ალმა-არასანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M – 0,3-0,5 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-კარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; სუსტი მინერალიზაციის (M – 0,4-0,5 გ/დმ3) თერმული (t – 37,8-40°C), რადონული (რადიოაქტივობა – 3,4-3,7 ნკი/დმ3), აზოტიანი, სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ალმა-არასანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და პერორალური მიღება, ინჰალაციები, გამორეცხვები და შესხურებები ამ მინერალური წყლებით; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალმა-არასანში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის,¸პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის პათოლოგიები.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები