ალმერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალმერია

ალმერია – (ინგლ. Almeria, რუს. Алмерия), ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ზღვისპირა კლიმატო-პელოიდური კურორტი ანდალუსიის ოლქში, ალმერიის პროვინციაში, ქ. მურსიიდან 170 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. გრანადიდან 110 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. მალაგიდან 180 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის კოსტა დე ალმერიის ნაპირზე, ზღვის დონიდან 23 მ-ის სიმაღლეზე. ალმერიის რელიეფი ვაკეა. აღნიშნული რელიეფი კურორტის მიდამოებში გადადის მთაგორიან რელიეფში.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის, შეხამებული ველის ჰავასთან. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 12,3°°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 27,9°°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 19,4°°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 145 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომასა (61 მმ) და ზამთარზე (46 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (3 მმ).

ალმერიის ტერიტორიაზე გავრცელებულია: სხვადასხვა სახის პალმები და კვიპაროსები; ხეხილის ბაღები (ვაშლი, ატამი, გარგარი, მსხალი, ქლიავი და სხვ.) და ვენახები; ფორთოხლის, მანდარინის, ლიმონის, ზეთისხილისა და ნუშის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორიაზე გხვდება: ხეშეშფოთოლა ქერმესის მუხა, ქონდარა პალმები, ხემარწყვა, დანამასტაკი, ესპანური კურდღლისცოცხი, საკმელი, წითელი ღვია, ლავანდი, როზმარინი, კაქტუსები, ალფა ბალახი და სხვ.

ალმერიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი; ზღვის წყალი და ლამის სულფიდური ტალახი, რომელიც მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის ჩარკას დე ლა სელინას ზონაში.

ალმერიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.) და პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები).

ჩვენებები ალმერიაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; საყრდენსამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ალმერიასა და მის მიდამოებში (ქალაქის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XVI საუკუნე); ალკასაბას ციხესიმაგრე (VIII საუკუნე); არაბული ციხესიმაგრის (IX-XIII საუკუნეები) ნანგრევები; არქეოლოგიური მუზეუმი; სიერა-ნევადის ნაციონალური ბუნებრივი პარკი და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები