ალტო კამპო
ალტო კამპო – (ინგლ. Alto Campo, რუს. Алто Кампо), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი ესპანეთში, კანტაბრიის ოლქის კანტაბრიის პროვინციაში, ქ. რეინოსიდან 24, ხოლო ქ. სანტანდერიდან 90 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით და ქ. მადრიდიდან 306 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს კანტაბრიის მთებში (კანტაბრიის კორდილიერებში), კამპოს ველზე, ზღვის დონიდან 1650 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ცივია, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6°C. ზაფხული თბილია, მშრალი და ხანგრძლივი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22°C. ნალექების წლიური რაოდენობა _ 500 მმ. წვიმები, ძირითადად, მოდის გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
ალტო კამპოსა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფიჭვის, წიფლის, სხვადასხვა სახის მუხისა და მარადმწვანე ბზის ნარგავები.
ალტო კამპოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და სუფთა, იონებით და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ალტო კამპოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალტო კამპოში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ალტო კამპოსა და მის მიდამოებში (წმიდა პიეტრო დე სერვატოსის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVI საუკუნე); ენოპის ტბა; ნაციონალური პარკი „ევროპის პიკები“ და სხვ.),
ქ. რეინოსასა და მის მიდამოებში (დოლმენები (ძვ.წ. III-II ათასწლეული); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – ქალაქის (XII-XIII საუკუნეები) და სან-სებასტიანის სახელობის (XVI საუკუნე); ემბასე დელ ებროს წყალსაცავი და სხვ.),
ქ. სანტანდერასა და მის მიდამოებში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XIII-XIV საუკუნეები); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს უწმინდესი გულის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XV საუკუნე); შუქურა (ფარო დე კაბო მაიორი) კაბო მაიორის
კონცხზე (1839 წელი); მერიის შენობა (1907 წელი); ესპანეთის მეფის სასახლე და პარკი ლა მაგდალენას ნახევარკუნძულზე (1912 წელი); კაზინო (ელ გრანდ კაზინო სარდინერო, 1916 წელი); მეფის ოტელი (1917 წელი); სანტანდერას ბანკის
შენობა (1923 წელი); მუზეუმები – კანტაბრიის, ისტორიამდელი და არქეოლოგიის, ველარდეს ეთნოგრაფიული და სხვ.; სასახლეები – სპორტის, კონგრესებისა და გამოფენების; პერედასა და პიკიოს ბაღები; პარკები – დოქტორ მორალესისა და ატლანტიკო დე ლას დიამასის; სტადიონი ელ სარდინერო და სხვ.).