ალუშტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუშტა

ალუშტა – (ინგლ. Alushta, რუს. Алушта), ზღვისპირა კლიმატური კურორტი უკრაინაში, ყირიმის ოლქში, ქ. იალტიდან 33 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. სიმფეროპოლიდან 45 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ყირიმის სამხრეთ ნაპირზე, მდინარეების უღუ-უზუნისა და დემერჯის ხეობებში, მთის მასივების ბაბუგან-იაილას, ჩათირ-დაღსა და დემერჯს შორის. ალუშტის ზღვისპირა ვიწრო ზოლის რელიეფი ვაკეა, რასაც ცვლის მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – სუბტროპიკული, უახლოვდება ხმელთაშუა ზღვის ჰავას. ზამთარი რბილია, წვიმიანი. დეკემბრის საშუალო ტემპერატურაა 3°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,8°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 430 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე, მინიმუმი – ზაფხულზე.

ალუშტის ტერიტორია და მისი მიდამოები დაფარულია: კვიპაროსებით, ყირიმული ფიჭვით, ლენკორანული აკაციით, იასამნებით, მაგნოლიებითა და ოლეანდრებით, ხეხილის ბაღებითა (ატამი, მსხალი, ლეღვი და სხვ.) და ვენახებით. გარდა ამისა, ალუშტის მიდამოებში გავრცელებულია: შინდი, ზეთისხილი, ლავანდისა და ვარდის პლანტაციები. მთების ფერდობები დაფარულია: წიფლნარით, ფიჭვნარითა და ღვიის ბუჩქნარით.

ალუშტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბტროპიკული, ხმელთაშუა ზღვის ჰავასთან მიახლოებული ჰავა, ზღვის წყალი და იონებით, ფიტონციდებითა და ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი, შეხამებული მთის ჰაერთან.

ალუშტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში, პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ალუშტაში წასასვლელად – დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული და ცენტრალური ნერვული სისტემების ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ალუშტაში (ყირიმის ყველა წმიდათა და წმიდა თეოდორე სტრატილატის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (1937-1942 წლები); უკიარი ჯამის მეჩეთი (XIX საუკუნის I ნახევარი); სინაგოგა (1962-1963 წლები); ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიანთა ეკლესია „ახალი თაობა“ (2002 წელი); აკვაპარკები – „ალუშტა“ და „ნუშის კორომი“; აკვარიუმი; ტერარიუმი; დელფინარიუმი; ბავშვთა ატრაქციონების პარკი; დისკო-კლუბი „თოლია“; მუზეუმები – ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის; წყლებზე კატასტროფების, ს. სერგეევ-ცენსკის მემორიალური და ი. შმელევის ლიტერატურული; არქიტექტორ ა. ბეკეტოვის სახლ-მუზეუმი; ფირმა „მასანდრის“ ღვინის მაღაზია სადეგუსტაციო დარბაზით და სხვ.), ალუშტის მიდამოებში (ბიზანტიური ციხესიმაგრის ალუსტონის (VI საუკუნე) და მისი კოშკების ნაშთები ალუშტასთან; ფუნას ციხესიმაგრისა და ამ ციხესიმაგრის ეკლესია (X-XI საუკუნეები), სასაფლაოსა და ქრისტიანული ეკლესიის (XIII-XV საუკუნეები) ნაშთები მთა სამხრეთ დემერჯის ძირში; კოზმა და დამიანეს სახელობის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი (1869 წელი) სოფელ იზობილნოესთან; მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია-შუქურა (2004-2007 წლები) სოფელ მალორეჩენსკოეში; თავად გაგარინების ყოფილი სასახლე (XIX საუკუნის 80-იანი წლები) სოფელ უტიოსში; თავად რაევსკების ყოფილი სახლი ზეთისხილის კორომით (1907 წელი) დაბა კიურასანში; „მოჩვენებათა ველი“ მთა სამხრეთ დემერჯიზე; ბუნების მუზეუმი ყირიმის ნაკრძალის დენდროპარკში; მთა ჩათირ-დაღი და ჩანჩქერი ჯურ-ჯური ამ მთაზე; ანგარის უღელტეხილი და სხვ.)

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები