ალხანაშვილი ისაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალხანაშვილი ისაკ გიორგის ძე (1865, 1/VIII (ძვ. სტ.) – 1950, 17/I) – მუშა-რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი და ჟურნალისტი, რევოლუციური ლექსების მკითხველი. დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფ. ანაგაში. 1882 წელს, ქიზიყიდან, სოფ. ნუკრიანიდან (სიღნაღის მახლობლად) ძმამ წამოიყვანა. სურამის უღელტეხილზე, რკინიგზის სადგურ ფონაში გაიცნო რკინიგზის ოსტატი დავით ადამის ძე დოდაშვილი (სოლომონ დოდაშვილის სახლიკაცი), რომელმაც სადგურის მეისრედ მიიღო. ისაკმა აქ მუშაობისას შეისწავლა წერა-კითხვა, თვითგანვითარებას დაეწაფა; იმავე დროს ლექსების კითხვით და საუბრებით თანამომუშავეებს ათვითცნობიერებდა. 1895 წელს, თბილისის სადგურში ისევ მეისრედ მომუშავემ გაიცნო მ. ბოჭორიშვილი (1873–1913) და გ. თელია (1880-1907). მათ შესთავაზეს, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წრეში ევლო და გადასცეს ვინმე კოლა თაქთაქიშვილს. წრეში აგრეთვე იყვნენ ძმები ვასო და კოლა რაკვიაშვილები. ისაკ ალხანაშვილმა ამ წრეში 4 თვე დაჰყო, შემდეგ კი, თვითონაც ჩამოაყალიბა წრე მოძრაობის დარგში მომუშავეებისგან [კოსტა შენგელაია, ვანო და ლევან ბებურიშვილები (ლევანი შავრაზმელებმა 1906 წელს მოკლეს), მიხა გაბუნია, ნიკო პეტრიაშვილი, ალექსანდრე გაგლოევი, ვლადიმერ ბლუდოვი, ალფერა მღვდელაძე, ილარიონ კალანდაძე და სხვ. სულ 10-12 კაცი] და აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, პირველ პირველმაისობებში; თავის [ასევე პეტრიაშვილისა და ბებურიშვილის] ბინაზე მართავდა ფარულ კრებებს, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, პროკლამაციებს, საქართველოს სხვადასხვა დაბა-ქალაქში აგიტაცია-პროპაგანდისათვის რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა (უმთავრესად ი. ევდოშვილის).

1897 წელს უზენაესმა სასამართლომ ისაკ ალხანაშვილი გაასამართლა, როგორც „უღმერთო და ხელმწიფის უარმყოფელი“ და დააპატიმრა.

1900 წელს, ავლაბარში საპირველმაისო კრების გასამართად მზადების დროს, მიხა დარჩიაშვილის ოჯახში, გაიცნო იროდიონ ევდოშვილი.

1902 წელს, ოპერის თეატრთან დროშის აფრიალებისთვის და კიშინევის პაგრომის ფურცლების გავრცელებისთვის დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1904 წელს, ირ. ევდოშვილთან ერთად, თბილისში – მალაკნების (აწ ფიროსმანის) ქ. № 52-ში გახსნა ღვინის სარდაფი „ბოდბისხევი“, სადაც რკინიგზის დეპოს და სხვა სახელოსნოების დიდძალი მუშა ხალხი ვითომ სასაუზმოდ, უფრო – სამეცადინოდ იკრიბებოდა. ამ სარდაფში ირ. ევდოშვილი, ანტონ განჯისკარელი (1869-1929) და სხვ. ვითომდა „თამადები“, ან „შემოსწრებული სტუმრები“, დამსწრე მუშებს თავისი ლექსებით და სიტყვებით თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ამხედრებდნენ.

1905 წელს, როცა განჯის პოლკში ნამსახურები ევდოშვილი თბილისში დაბრუნდა, ისაკ ალხანაშვილთან ერთად კრების ჩატარება დაგეგმა. ისაკ ალხანაშვილმა 40 კაცამდე მოაგროვა (მათ შორის სანდრო კავსაძეც იყო თავისი თარით) და გაიშალა ტყუილი სუფრა. კრებაზე მოხსენებით ი. ევდოშვილი გამოვიდა. შეხვედრის დამთავრებისთანავე სარდაფს ჟანდარმები შემოერტყნენ. მათ ისაკ ალხანაშვილი ტყვიის თავკომბალა მათრახებით სცემეს და დასისხლიანებული გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, საიდანაც მუშათა გაფიცვის გამო, საგაფიცვო ბიუროს მოთხოვნით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სადგურ ხაშურში ვაგონების გადამბმელად გადაიყვანეს, თუმცა კრებების ჩატარების გამო ბაქოში გაამწესეს, სადაც მარჯვენა ხელი დაიზიანა. ისაკ ალხანაშვილს იროდიონ ევდოშვილთან კავშირი არ გაუწყვეტია. ისინი ვასო ბერძენიშვილთან, შაქრო ნადირაშვილთან, ხარიტონ გაბუჩიასთან, ვასო გეგეჭკორთან ერთად მოვალეობებს ინაწილებდნენ.

1908 წელს, თბილისში ისაკ ალხანაშვილის პასუხისმგებელი რედაქტორობით გამოიცა სოციალ-დემოკრატიული დღიური გაზეთი „ცისკარი“ (№ 1 გამოვიდა პარასკევს, იანვრის 17-ს. გამოცემა 15 ნომრის გამოსვლის შემდეგ – 27 იანვარს შეწყდა), რომელიც მთავრობამ დახურა ჭოლა ლომთათიძის წერილების („სარჩობელაზე“) გამო; ხოლო თვით ისაკ ალხანაშვილს 129-ე მუხლის ძალით 4 თვის ციხე მიუსაჯა.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ავტობიოგრაფია;
2. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური არქივი. – ფ. 480/114, არქ. № 167/137-ა;
3. ისარი. – 1908. – № 27;
4. თეატრი და ცხოვრება. – 1919. – № 4. – გვ. 13, სქოლიო;
5. ჩხეტია, შ. ისტორიული საბუთები იროდიონ ევდოშვილის შესახებ – ტფ., 1939. – გვ.: 54, 102;
6. ბაქრაძე, გ. ი. ქართული პერიოდიკა, 1819–1945 / ბიბლიოგრაფია შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ; ვ. ი. ეგნატაშვილის რედ. – თბ., 1946 [1947]. – გვ.: 27-28, 249.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები