ამლაყი იხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამლაყი იხვი

ამლაყი იხვი (ლათ. Tadorna tadorna Linnae us, 1758) − ფრინველთა გვარი იხვისებრთა ოჯახისა ბატისნაირნთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა − ამლაყი იხვი.

ამლაყი იხვი საკმაოდ დიდი ზომის იხვია, ფრთა 280-360 მმ-ია, ნისკარტი – 50-58 მმ, წონა – 800-1500 გ. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია სიდიდესა და შეფერილობაშიც. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობით მამალი თავსა და კისერზე შავია, მწვანე ელფერით; ბეჭებს შორის არე ქარცია; ზურგის შუა ნაწილი – თეთრი, ხოლო ზურგის გვერდები – შავი. კუდი თეთრია, მაგრამ ბოლოში შავია. ჩიჩახვი თეთრია, მკერდის წინა ნაწილი – მოწაბლისფრო-ქარცი, რომელიც მუცლის მახლობლად შავში გადადის. მუცლის შუაში გასწვრივი შავი ზოლია, რომელიც ღია წაბლისფერი კუდის ქვემო მფარავებამდე გრძელდება. სხეულის გვერდები და ფრთების მფარავები თეთრია; პირველი რიგის მომქნევები – შავი; მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები მუქი მწვანეა, მესამე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები – მოჟანგისფრო-ყავისფერი, ხოლო შიგნითა მარაოები − თეთრი. ნისკარტზედა კეხისმაგვარადაა ჩაზნექილი. იგი, მის ძირში არსებულ გამონაზარდებთან ერთად, წითელია, ხოლო „ფრჩხილაკი“ – შავი, ფეხები – ვარდისფერი. ზაფხულში მამლისა და დედლის შეფერილობა მსგავსია. თუმცა დედალს შუბლზე, ლოყებსა და კისერზე თეთრი ურევია, ხოლო ნისკარტზედას ძირში გამობურცულობა არა აქვს.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი სპორადულია, მაგრამ საკმაოდ ვრცელი. ჩრდილოეთით ვრცელდება სკანდინავიამდე, სამხრეთით ხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდე ევროპასა და აფრიკაში. აღმოსავლეთით მოიპოვება ველის ზონაში ირანში, მონგოლეთსა და ჩრდილოეთ ჩინეთში. სსრ კავშირის ტერიტორიაზე ბუდობს აქა-იქ ბალტიისპირეთში, სამხრეთ უკრაინაში, კავკასიაში, ვოლგის ქვემო დინების, შუა აზიის, ყაზახეთის მლაშე ტბებზე და ბაიკალის მიდამოებში. ზამთრობს ბრიტანეთის კუნძულებზე, ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე ევროპასა და აფრიკაში, აგრეთვე არაბეთისა და აზიის სამხრეთ ნაწილებში. მრავლადაა კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – მოზამთრე ფრინველის სახით.

ბიოტოპი

ბინადრობს უპირატესად მლაშე ტბებზე, რაც ხშირად განაპირობებს მისი არეალის საზღვრებს. მლაშე ტბების სანაპიროებზე ეტანება ქვიშიან ბურცობებს ან ღორღიან ადგილებს, სადაც შეიძლება სოროების გამოთხრა ან არსებობს ნაპრალები ბუდეების მოსაწყობად.

გამრავლება

სქესობრივ სიმწიფეს აღწევს მეორე წელსვე. მონოგამიური ფრინველია. ბუდეს ჩვეულებრივად იკეთებს ღრმა სოროებში, რომელსაც თვითონ თხრის ან იყენებს მელას, მაჩვისა და სხვა ცხოველთა მიტოვებულ სოროებს. აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ ნახევარში დებს 8-12 კვერცხს. სოროების უკმარისობის შემთხვევაში, ერთ ბუდეში კვერცხს დებს რამდენიმე დედალი და მაშინ კვერცხების რაოდენობა ბევრად მეტია. საინკუბაციო პერიოდი 27-29 დღემდე გრძელდება.

კვება

ძირითადია ცხოველური საკვები – მლაშე წყლების კიბოსნაირები, წყლისა და ხმელეთის მწერთა ლარვები, ნაირგვარი ჭიები. ზოგიერთ სეზონზე იკვებება მცენარეულითაც.

მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო დიდი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ კარგია სპორტული ნადირობისათვის.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები