ამსტერდამის IX ოლიმპიური თამაშები (1928)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამსტერდამში ოლიმპიური ცეცხლი მთავარი არენის თავზე წამომართულ „მარათონის კოშკურაზე“ სიმბოლურად დაანთეს, რაც სიახლე იყო. მონაწილე ქვეყანათა აღლუმი ოლიმპიური თამაშების სამშობლოს, საბერძნეთის წარმომადგენლებით დაიწყო და მასპინძელი ქვეყნის დელეგაციით დასრულდა, რაც დღემდე ასე გრძელდება

ამსტერდამის IX ოლიმპიური თამაშები - IX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1928 წელს (17 მაისი - 12 აგვისტო) ამსტერდამში.

  • მონაწილე ქვეყანა 46
  • სპორტსმენი 2,883 / 277 ქალი / 2,606 კაცი
  • სპორტის სახეობა 14
  • მედლების კომპლექტი 109

ველაზე მეტი ოქროს მედალი:
კაცებში: ჟორჟ მიზი (ტანვარჯიში, შვეიცარია) 3,1,0.
ქალებში: მართა ნორელიუსი (ცურვა, აშშ) 2 ალბინა ოსიპოვიჩი (ცურვა, აშშ) 2

Me9 olimp plakati.PNG

ამსტერდამს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ჯერ 1920, შემდეგ კი 1924 წელს სურდა, მაგრამ 1928 წლამდე მოცდა მოუწია. ნიდერლანდების დედაქალაქს ერთადერთ მეტოქედ ლოს ანჯელესი ჰყავდა, რომელსაც ოლიმპიადის ჩატარების პატივი ოთხი წლის შემდეგ ერგო.

ამსტერდამში მთავარი არენის თავზე სიმბოლურად ოლიმპიური ჩირაღდანი დაანთეს, რაც სიახლე იყო. თუმცა მაშინ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა არ გამართულა. ამ ტრადიციამ 1936 წელს ბერლინის ოლიმპიური თამაშებიდან აიღო სტარტი.

მონაწილე ქვეყანათა აღლუმი ოლიმპიური თამაშების სამშობლომ - საბერძნეთმა გახსნა და მასპინძელი ქვეყნით დასრულდა. ეს წესი დღემდე მოქმედებს.

საგულისხმოა ისიც, რომ IX ოლიმპიადა იყო პირველი, რომელიც „ზაფხულის ოლიმპიური თამაშებით“ იწოდებოდა. ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდა მალტა, პანამა და როდეზია (1980 წლიდან ზიმბაბვეს სახელით გამოდის). მონაწილეობის უფლება მისცეს პირველი მსოფლიო ომის თაოსან გერმანიას, რომელმაც მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში ყველაზე ხალხმრავალი გუნდი ჩაიყვანა, თუმცა ამსტერდამში ყველაზე მეტი ჯილდო კვლავ ამერიკელებს ხვდათ წილად.

ავსტრალიელმა ნიჩბოსანმა ჰენრი პირსმა მეოთხედფინალში ასპარეზობისას ნავი გააჩერა და გზა დაუთმო იხვს თავის ჭუკებთან ერთად. მიუხედავად დაყოვნებისა, პირსმა რბოლაც მოიგო, ხალხის გულიც და ბოლოს ჩემპიონობაც იზეიმა

წინა ოლიმპიადისგან განსხვავებით, სადაც საფუძველი ჩაეყარა ოლიმპიურ სოფელს, ამსტერდამში არაერთი ქვეყნის დელეგაცია ქალაქის ნავსადგურში, გემებზე დაბინავდა.

1928 წლის ოლიმპიური თამაშები უჩვეულო გამოდგა იმით, რომ სამგზის ჩემპიონობა მხოლოდ ერთმა შვეიცარიელმა ტანმოვარჯიშე ჟორჟ მიზმა შეძლო. მის ანგარიშზე ერთი ვერცხლიც არის.

ამ თამაშების მთავარ ღირსებად მიიჩნიეს ის, რომ მძლეოსნურ სარბიელზე პირველად დაუშვეს ქალები. მათ მედლები გაითამაშეს 100 და 800 მეტრზე რბენასა და 4X100-ზე ესტაფეტაში, ასევე სიმაღლეზე ხტომასა და ბადროს ტყორცნაში. საგულისხმოა ისიც, რომ მორბენალთა ასპარეზობები შემდგომში სტანდარტად ქცეულ 400-მეტრიან სარბენ ბილიკზე ეწყობოდა.

ქალთა 800 მეტრზე რბენის მონაწილეთა უმრავლესობამ დისტანცია ვერ დაამთავრა. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ჩათვალეს, რომ ქალები გრძელი მანძილებისთვის სუსტები იყვნენ, ამიტომ 800 მეტრზე რბენა 1960 წლამდე პროგრამიდან ამოიღეს.

ფინელმა პაავო ნურმიმ ამსტერდამში 10 000 მეტრზე რბენაში ოლიმპიური რეკორდით მე-9 ოლიმპიური ოქრო მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მრავალი წლის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. ამას გარდა, პაავომ ჰოლანდიის დედაქალაქში 2 მეორე ადგილი დაიკავა.

ამსტერდამში პირველად მოსინჯეს ძალები ტანმოვარჯიშე ქალებმაც, მაგრამ ისინი მხოლოდ გუნდურ ტურნირში ასპარეზობდნენ, რომელიც მასპინძელ სპორტსმენთა დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა.

მოცურავეთა შეჯიბრებაში სახელგანთქმულმა ამერიკელმა ჯონ ვაისმიულერმა კიდევ ორი გამარჯვება იზეიმა. იაპონელი სამხტომელი მიკიო ოდა გახდა პირველი აზიელი და, შესაბამისად, იაპონელი ჩემპიონი, რომელმაც ინდივიდუალურ სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია ავსტრალიელი ნიჩბოსანის ჰენრი პირსის საქციელი, რომელმაც მეოთხედფინალში ასპარეზობისას ნავი გააჩერა და გზა დაუთმო იხვს თავის ჭუკებთან ერთად. მიუხედავად დაყოვნებისა, პირსმა რბოლაც მოიგო, ხალხის გულიც და ბოლოს ჩემპიონობაც იზეიმა. ძალოსნებმა საპრიზო ადგილები სამჭიდში გაითამაშეს. ესეც სიახლე იყო და ამის მერე აჭიმვა, აკვრა და ატაცი სპორტის ამ სახეობის კლასიკურ დისციპლინებად გამოცხადდა.

ბალახის ჰოკეიში გაიმარჯვეს ახალბედა ინდოელებმა, რომლებმაც შემდგომ ხუთ ოლიმპიადაზე პირველობა აღარავის დაუთმეს. მიჯრით მოგებებს ჩაუყარა საფუძველი უნგრეთის ვაჟ მოფარიკავეთა ნაკრებმაც, რომელიც ხმლით გუნდურ ასპარეზობებში შემდგომ ექვს ოლიმპიადაზეც უძლიერესი იყო.

აფროსნობაში „8 მეტრის~ კლასში ფრანგ კაცებს, ცრუ რწმენის მიუხედავად, ეკიპაჟში ერთი ქალი ჰყავდათ - ვირჟინ ერიო. სწორედ მათმა იახტამ გაიმარჯვა, მოგვიანებით კი, ვირჟინი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოეს.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები