ანაბერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ანაბერგი

ანაბერგი – (ინგლ. Annaberg, რუს. Аннаберг), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი ქვემო ავსტრიაში, ლილინფელდის ოლქში, ვენიდან 83 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს აღმოსავლეთ ალპებში, მაღალი ტაუერნის მთების ფერდობებზე, ზღვის დონიდან 976 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,2°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 686 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (226 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (104 მმ).

ანაბერგსა და მის მიდამოებში გავრცელებულია: მუხა, წიფელი, წაბლი. ნაძვი, სოჭი და სხვ.

ანაბერგის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ანაბერგის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ანაბერგში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა და სხვ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ანაბერგსა და მის მიდამოებში (წმიდა ანას სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XV საუკუნე); სათვალთვალო კოშკი (XX საუკუნე); ტშერის მთა (1893 მ); ტშერ-ტორმაუს ნაკრძალი ულამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, კარსტული გამოქვაბულებითა და მიწისქვეშა ტბით; ერლაფუზეეს მყინვარული ტბა, ზღვის დონიდან 827 მ-ის სიმაღლეზე, სოფელ მიტერბახთან; გამინგის რომაულ-კათოლიკური მონასტერი (XV საუკუნე); ხარდეგის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVI საუკუნე); წმიდა სისხლის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVIII საუკუნე) ქ. პულკაუში; ციხედარბაზი (XVIII საუკუნე) ქ. რიგერსბურგში, რომელიც ამჟამად იარაღის მუზეუმია; ობსერვატორია ქალაქ ჰოხბარნეკში და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები