ანგარა (კურორტი)
ანგარა – (ინგლ. Angara, რუს. Ангара), ბალნეო-კლიმატური, სათხილამურო კურორტი რუსეთის ფედერაციაში, ქ. ირკუტსკის გარეუბანში, ბაიკალის ტბიდან 66 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ირკუტის (მდინარე ანგარას მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, კაის მთის ძირში. რელიეფი — ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – მკვეთრად კონტინენტური. ზამთარი ხანგრძლივია და ძალიან ცივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –21°C. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 400 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის ივლის-აგვისტოზე. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 2099 საათს წელიწადში.
კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ფიჭვნარით.
ანგარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ქლორიდულ-ნატრიუმიანი მარილწყლები (M – 59,3 გ/დმ3); სუსტი მინერალიზაციის სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები; „დლინოეს“ ტბის საპროპელის სამკურნალო ტალახი და წიწვოვანი ტყის ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი.
ანგარაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: სულფიდურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მარილწყლების აბაზანები; სუსტი მინერალიზაციის სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა), ინჰალაციები, შესხურებები და გამორეცხვები ამ წყლით; საპროპელის სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენებები ანგარაში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, შარდ-სასქესო და სუნთქვის ორგანოების დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
უახლოესი ტურისტული ობიექტები ანგარასა და მისი მიდამოებისთვის მდებარეობს ქ. ირკუტსკში (მართლმადიდებლური ეკლესიები – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის (1710 წელი), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხარების სახელობის (1760 წელი), წმიდა მღვდელმოწამე ხარლამპის სახელობის (1790 წელი), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების სახელობის (1811 წელი) და სხვ.; რომაულ-კათოლიკური პოლონური ეკლესია (1885 წელი); სინაგოგა (1879 წელი); მეჩეთი (1902 წელი); გენერალ-გუბერნატორის ყოფილი რეზიდენციის შენობა (XVIII საუკუნე); სასულიერო სემინარიის შენობა (XIX საუკუნე); ქალაქის თეატრის შენობა (XIX საუკუნე); შუბინების ხის სახლი (1781 წელი); მუზეუმები — მხარეთმცოდნეობის (1782 წელი), დეკაბრისტებისა და სამხატვრო; „სათხილამურო ცენტრი“ პარკ ანგარაში და სხვ.); ქ. ირკუტსკის მიდამოებში (სამთო-სათხილამურო კომპლექსი „ოლკა“ დაბა შელეხოვში (ქ. ირკუტსკიდან 30 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით); არქიტექტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი „ტალცი“, ყაზანის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა და ღვთისმშობლისა მარიამის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (XVII საუკუნე) და ილიმის საპყრობილეს კოშკი (XVII საუკუნე) დაბა ტალციში, ქ. ირკუტსკიდან 50 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით; ბაიკალის ტბა და სხვ.).