ანდერძი (წერილობით ძეგლებში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდერძი – წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, დანაბარები.

ხელნაწერ ან ძველნაბეჭდ წიგნებზე დართული სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და დანიშნულების ბიბლიოგრაფიული ცნობები. მათ ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებსაც უწოდებენ. მათში აღნიშნულია გადამწერის, შემკვეთის, ანუ მომგებლის, შემმოსველის (ყდაში ჩამსმელის), რედაქტორ-გამმართველის და სხვ. ვინაობა, დაწერის თარიღი, ადგილი და ა. შ. მაგ., წიგნის შემმოსველის ანდერძის ნიმუშია X ს. სინას მთის ცნობილი მოღვაწის იოანე-ზოსიმეს ერთ-ერთი ანდერძი, რომელიც მას სინური მრავალთავისთვის 981) დაურთავს:

შეიმოსა მესამედ წმიდაიჲ ესე წიგნი მრავალთავი ტყავითა ზროხისაჲთა სინაწმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა ზოსიმესითა დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებულობისა ჩემისათა, ბრძანებითა და ფრიად მოსწრაფედ მოღუაწებითა მიქაელ და მიქაელ პატიოსანთა მღდელთაჲთა. დასაბამითგანთა წელთა ქართულად ხფპე და ქრონიკონსასა”.

ხელნაწერ წიგნებზე დართულ ასეთ ცნობებს რომ ანდერძი ეწოდება, ჩანს მიქაელ მოდრეკილის (X ს.) დისწულის დავითის ანდერძიდან. რომელიც მას შეუდგენია და დაურთავს იოვანე თორნიკე-ყოფილის შეკვეთით 977 ოშკში გადაწერილი კრებულისათვის, სახელწოდებით „სამოთხე“. ამ ანდერძში ნათქვამია, რომ „… ესე ანდერძი მე. უღირსმან და ვით, დისწულმან ღმერთშემოსილისა მამისა მიქაელ მოდრეკილისმან, დავწერე“. აღსასიშნავია ქართული სახარება-ოთხთავის თითქმის ყველა ხელნაწერზე დართული ერთი ანდერძი, რომელიც ტექსტში ანდერძად არ მოიხსენიება, მაგრამ შინაარსით უმნიშვნელოვანესი ბიბლიოგრაფიული ცნობის შემცველია და თავისი დანიშნულებით ანდერძია ეს არის გიორგი მთაწმიდელის ანდერძი:

„ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე წმიდაჲ ოთხთავი ჩუენ ახლად გჳთარგმნია ფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთაჲთა და ბერძულთა სახარებათა შეგჳწამებია ფრიადითა გამოწულილეითა…“.

ხელნაწერი წიგნების ტრადიციით, ასეთი ანდერძები დართული აქეს ძველნაბეჭდ ქართულ წიგნებსაც.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები