იოანე-ზოსიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"

იოანე-ზოსიმე – (X ს.), პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი. ჯერ პალესტინაში, წმ. საბას ლავრაში მოღვაწეობდა, შემდეგ — სინას მთაზე. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზატორი იყო.

იოანე-ზოსიმემ დიდი ამაგი დასდო ქართულ მწერლობას მის მიერ შედგენილი და გადაწერილი კრებულებით, რომლებსაც ყოველთვის ახლავს ძვირფასი ცნობების შემცველი რედაქციული შენიშვნები და ანდერძ-მინაწერები იოანეს სახელთან დაკავშირებულ კრებულთაგან უწინარეს ყოვლისა მოსახსენიებელია მის მიერ საბაწმიდაში შედგენილი ლიტურგიკული კრებული. ამ კრებულში გაერთიანებული სხვადასხვა დროის ლიტერატურული მასალა იოანეს მიერ კრიტიკულადაა შეფასებული. კრებულის უდიდესი ნაწილი გადაწერილია თვით იოანეს მიერ, ხოლო სხვათა მიერ გადაწერილ ნაწილს ახლავს მისი რედაქტორული შენიშვნები. კრებული, როგორც თვით იოანე შენიშნავს, შედგენილია „მეცნიერი (მცოდნე) კაცისათვის“, „ბრძენი“ და „ღმერთისმოყვარე“ მღვდლისათვის. კრებული თავისი შედგენილობით მეტად მრავალფეროვანია და მას, სპეციალისტთა აზრით, ჰქონდა უფრო ენციკლოპედიური, ვიდრე პრაქტიკული დანიშნულება. კრებულში შესულია უძველესი ქართული იადგარი („საგალობელნი იადგარნი“), რომელსაც წინ უძღვის მცირე მოცულობის ძლისპირთა კრებული შემდეგი ზედწარწერით: „ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი ყოველთა ხმათა ზედა მიწყებით თითოჲ თავად-თავადი“, ჩვენამდე მოღწეულ ამ ტიპის ქართულ ძლისპირთა კრებულებს შორის ეს კრებული ყველაზე სრულყოფილია.

ამავე კრებულში შესულია უნიკალური მნიშვნელობის კალენდარი „კრებაჲ თთვეთაჲ წელიწდისათაჲ“ რომლის შესადგენად იოანე-ზოსიმეს გამოუყენებია კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, საბაწმიდის კალენდრები, აგრეთვე წმიდა საფლავის კანონი ანუ განჩინება. მნიშვნელოვანია, რომ ამ კალენდარში არიან ქართველი წმიდანებიც: შუშანიკი, აბო თბილელი, მეფე არჩილი და სხვანი. მკვლევართა აზრით, იმ კალენდართა შორის, რომელნიც დღესდღეობით ცნობილია მეცნიერბაში, იოანეს კალენდარს უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა დაეთმოს.

კრებულში იოანე-ზოსიმეს შეუტანია პასქალისტური ხასიათის შრომაც, რომელიც შედგენილია ბიზანტიურ წყაროებზე დაყრდნობით. ამ შრომის სათაურია „ცნობისათვის და უწყებისა ჭეშმარიტად, რომელი მოგვეთხრა ჩვენ მოძღვართა მიერ განსაზღვრებულად, გამოძიებისათვის ჟამთა და წელთა, თთვეთა და დღეთა, მცხრალისათვის და დღის საძიებელისა, შვიდეულისათვის და ნაკთა, მთოვარისა ზედნადებისათვის და ხუთეულისათვის და ექვსეულისა“.

იოანე ზოსიმეს სახელთან დაკავშირებულ კრებულთა შორის უნდა დავასახელოთ „მცირე იადგარიც“, რომლის მეორე ნაწილი ძირითადად მის მიერ დაწერილი იადგარი შეიცავს საუფლო და დიდ დღესასწაულთა საგალობლებს. კრებული მნიშვნელოვანია ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეული საფეხურების შესასწავლად.

სარჩევი

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

იოანე-ზოსიმემ ქართული მწერლობის ისტორიაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა აგრეთვე, როგორც დიდმა პოეტმა. კ. კეკელიძე მას მიაკუთვნებს ეროვნული თვითშეგნების აღმავლობით აღბეჭდილ საგალობელს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ (პ. ინგოროყვას თვალსაზრისით, ძეგლის ავტორი უნდა იყოს გიორგი მერჩულე ან ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის სხვა წარმომადგენელი).

ამ საგალობლის იდეურ-მხატვრული შინაარსის გასაგებად უნდა გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ნაწარმოები იქმნებოდა არაბთა ბატონობის ხანაში, როცა ტაო-კლარჯეთში საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას ერთი სახელმწიფოებრივი ცენტრით. საამდროოდ უკვე შესამჩნევი აღმავლობა ეტყობა ერის როგორც მატერიალურ, ისე სულიერ ცხოვრებას. ქართველი მამულიშვილები სჭვრეტენ ერის უკეთეს მერმისს, გრძნობენ ქართული მიწის გამაერთიანებელი ძალის პულსაციას. ყოველივე ეს სიხარულისა და სიამაყის გრძნობით აღავსებს მათ და ქებათა ქებას უძღვნიან ქვეყნის გამაერთიანებელ ქართულ ენას: „და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა… მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა… რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ავტორის ღრმა რწმენით, „ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს“. ქართულის გამორჩეულობას, მის ღვთაებრიობას მრავალი საიდუმლო ნიშანი გვიმოწმებს. ავტორი ჩამოთვლის ქრისტიანულ სიმბოლიკაზე დაფუძნებულ ამ ნიშნებს და ამით გვაუწყებს ქართული ენის საკითხში მესიანისტური კონცეფციის ეზოტერულ საფუძველს. მიუხედავად მეცნიერთა მცდელობისა, დღეს ყველა ამ სიმბოლოს ბოლომდე გახსნა კიდევ ვერ ხერხდება, მაგრამ ძეგლის საერთო ჩანაფიქრი, იდეა გამოკვეთილია: ქართული ენა ყოველთა ენათა უპირატესია, იგი საღმრთო ენაა, რომელიც წმიდად ინახავს თავს მეორედ მოსვლამდე.

საგალობელი, როგორც პ. ინგოროყვა შენიშნავს, დაწერილია „წყობილი სიტყვის“ ფორმით და შეიცავს სტროფულ ალიტერაციას. ნაწარმოები აგებულია თავედი მარცვლედი ალიტერაციის (საყრდენია „და“ მარცვალი) გამოყენებით.

იოანე-ზოსიმეს მიაკუთვნებენ აგრეთვე მის მიერ შედგენილი კრებულის შესხმის ფორმით დაწერილ ანდერძს. მასში განდიდებული არიან გალობათა გამომთქმელები. ე. მეტრეველის მოსაზრებით, გამორიცხული არ არის, რომ ეს ავტორები იყვნენ იოანე დამასკელი და კოზმა იერუსალიმელი, მით უმეტეს, რომ „საგალობელნი იადგარნის“ ჰიმნოგრაფიული მასალის დიდი ნაწილი (მთლიანად ძლისპირნი და სხვ.) მათ ეკუთვნით. ე. მეტრეველისავე მოსაზრებით, ამ ანდერძის ავტორი უნდა იყოს „საგალობელნი იადგარნის“ შემდგენელი და გარკვეული ნაწილის მთარგმნელი გიორგი საბაწმიდელი-სინელი. პ. ბერაძემ ამ ანდერძში აღმოაჩინა თექვსმეტმარცვლიანი შაირის ჩანასახი.

ტექსტი

ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, გვ. 164-170;
  • პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, გვ. 41-42. 208-215, 359-361;
  • პ. ბერაძე, მეცნ. აკადემიის მოამბე, 1943, ტ. IV, N6.;
  • ე. მეტრეველი, ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, 1971, 019-020, 049-050;
  • ა. ბაქრაძე, ქებაჲ და დიდებაჲ.... „ცისკარი“, 1981, N6.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები