იადგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იადგარი — ქრისტიანული ღვთისმსახურების ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებული ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული. მასში თავმოყრილია საეკლესიო წელიწადის სხვადასხვა პერიოდისათვის განკუთვნილი განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების საგალობლები; იადგარი არის ღვთისმსახურების იერუსალიმური წესის ამსახველი ძეგლი, რომლის ბერძნული მოდელი ჩვენამდე მოღწეული არ არის, იადგარის შედგენილობის თავისებურებაა კალენდარულ დღესასწაულთა რიგის ქრისტეს შობით დაწყება; მარტსა და აპრილს შორის ჩართულია დიდმარხვისა და ზატიკის მოძრავი პერიოდების საგალობლები; შეიცავს ე. წ. აღდგომის დასდებლების, ანუ ოქტოიქოსის საგალობლების რვახმიან კომპლექტს.

იადგარის არსებობა VII ს. დასასრულიდან ივარაუდება და იგი სხვადასხვა რედაქციით არის ხელნაწერებში წარმოდგენილი. უძველეს რედაქციაში პალესტინური ლიტურგიკული პოეზიის ადრეული ნიმუშების, ძირითადად V–VII სს. თარგმანებია. საგალობლების ეს ფონდი ასახავს ლიტურგიკული გალობის ფორმების განვითარების იმ ეტაპს, როცა ბიბლიური ოდებისა და ფსალმუნების მისამღერებლად (რეფრენებად) განკუთვნილი მარტივი მონოსტროფული საგალობლების გვერდით ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დამკვიდრება იწყო საგალობელთა ახალმა, მრავალსტროფიანმა და მრავალკომპონენტიანმა ფორმებმა (სტიქარონებმა და ჰიმნოგრაფიული კანონის ადრეულმა ნიმუშებმა). კრებულის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო ტიპიკონის მნიშვნელობის მქონე უძველესი ლიტურგიკული ძეგლის, „იერუსალიმური კანონარის“, ანუ ლექციონარის ვრცელი ქართული ვერსიის სტრუქტურა და მასში ასახული მონოსტროფული საგალობლების უძველესი ფენა, რომელმაც ახალი ფორმის საგალობლებთან ერთადშეადგინა პირველი დამოუკიდებელი ჰიმნოგრაფიული კრებული. ქართული საღვთისმსახურო „პრაქტიკაში იადგარის ძველი რედაქცია დამკვიდრებული იყო VII – IX სს-ში.

IX – X სს. მიჯნაზე ჩამოყალიბდა იადგარის მთლიანად განახლებული რედაქცია. ეს ფაქტი განპირობებული იყო VIII ს-ში ბერძნული საეკლესიო მუსიკის რეფორმით, რომელიც საბაწმიდის მონასტერში განხორციელდა. წარმოიშვა გალობის ახალი ფორმები, დამყარებული საგალობლების რიტმული-მუსიკალურ საზომთა – ძლისპირთა და ტროპართა შორის არსებულ სილაბურ თანაფარდობაზე. ითარგმნა და შედგა ძლისპირთა ქართული კრებულები, რაც თარგმნილი და ორიგინალური ახალი რეპერტუარის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ახალი იადგარის შევსების პროცესი X ს. დასასრულამდე გაგრძელდა. იადგარის დღემდე მოღწეული ყველა ნუსხა X ს. თარიღდება. მათი უდიდესი ნაწილი პალესტინის ქართულ სამწერლო კერებშია შედგენილი და ამჟამად ქართულ ხელნაწერთა სინურ კოლექციაშია თავმოყრილი. იადგარის ძველი და X ს. რედაქციის ნუსხებმა შემოინახეს ბერძნულიდან თარგმნილი მრავალრიცხოვანი საგალობელი ტექსტი, რომელთა დიდ ნაწილს დედნები არ ეძებნებათ. ნუსხათა ნაწილში საგალობლებს ახლავს აღნიშვნები ნეემური მუსიკალური დამწერლობით.

X ს. რედაქციის ხელნაწერთა შორის გამორჩეულია მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილი კრებული (978–988), რომელშიც ფაქტობრივად შეჯამებულია დიდი იადგარის ჩამოყალიბების პროცესი და ყველაზე სრულადაა წარმოდგენილი ქართველ ჰიმნოდთა შემოქმედება.

ქართულ იადგარებს დიდი მნიშვნელობა აქეთ ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ისტორიის კელეევისათვის, რადგანაც ისინი „იერუსალიმურ ლექციონართან“ ერთად ასახავენ ჰიმნოგრაფიის განვითარების უწყვეტ პროცესს XI ს. დამდეგამდე. როცა იადგარმა, როგორც ჰიმნოგრაფიული კრებულის ადრეულმა სახემ, ადგილი დაუთმო ღვთისმსახურების ბიზანტიური წესისათვის დამახასიათებელ ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებს.

იადგარი დიპლომატიკური ტერმინიცაა და ზოგჯერ შეწირულობის სიგელის მნიშვნელობით იხმარება.

ლ. ხევსურიანი


გამოცემები

  • ინგოროყვა პ. ძველ-ქართული სასულიერო პოეზია. წგ. I –
  • ტექსტები. VIII–X სს. ტფ– 1913;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. თბ., 1970, საბ. №№-231,
  • 233;
  • ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი. ორი ძველი რედაქცია X-XI სს.
  • ხელნაწერების მიხედვით გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ე. მეტრეველმა, თბ. 1971;
  • უძველესი იადგარი, გამოსაც. მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ე. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა, თბ., 1980;

ლიტერატურა

  • კეკელიძე კ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.I, თბ. 1960;
  • მისივე, უცნობი რედაქცია ქართული ჰიმნოგრაფიული თუენისა.– იხ. მისი: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატერის ისტორიიდან, VIII, თბ. 1962;
  • ინგოროყვა პ. თხზულებათა კრებული, ტ. 1, თბ. 1965;
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. სინური რედაქცია. ნაკე. I. შეადგინეს: ე.
  • მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა, ლ. ხევსურიანმა და ლ. ჯღამაიამ, თბ., 1978;
  • ხევსურიანი ლ. ჯღამაია ლ, X საუკუნის დიდი იადგარის ერთი ნუსხის შესახებ. – „მრავალთავი“,(ფილოლ-ისტ. ძიებანი), XVIII, თბ. 1999.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები