ანდორა-ლა-ვიეხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდორა-ლა-ვიეხა

ანდორა-ლა-ვიეხა, (ანდორა-ლა-ველა) – (ინგლ. Andora la Vieja, Andorra la Vella; რუს. Андорра-ла-Вьеха, Андорра-ла-Велья), ანდორას დედაქალაქი და კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი, ანდორას დედაქალაქი. მდებარეობს აღმოსავლეთ პირენეს სამხრეთ კალთაზე, მთათაშუა ქვაბულში, მდინარე ვალირის (მდინარე ებროს აუზი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1029 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2,3°C. თოვლის საფარი ანდორა-ლავიეხაში არამდგრადია, ხოლო მის მიდამოებში, მთებში, მდგრადია. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,1°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,6°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 900 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (255 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (173 მმ). წელიწადში 250 მზიანი დღეა.

ანდორა-ლა-ვიეხასა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხა, წაბლი, წიფელი, ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. მაღალ მთაში გაბატონებულია ალპური მდელოები.

ანდორა-ლა-ვიეხას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან და მსუბუქი აეროიონებით გაჟღენთილი მთის ჰაერი. ანდორა-ლა-ვიეხას გარეუბანში, ესკალდესში, რომელიც მდებარეობს ანდორას დედაქალაქის ცენტრიდან 2,5 კმ-ში, მოიპოვება გოგირდწყალბადის (სულფიდური) მინერალური წყალი.

ანდორა-ლა-ვიეხას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია. ესკალდესში, სამკურნალო მიზნით, გამოიყენება გოგირდწყალბადის (სულფიდური) მინერალური წყლის აბაზანები.

ჩვენებები ანდორა-ლა-ვიეხაში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური და ალერგიული დაავადებები; რაქიტი; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; ესკალდესში – საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები. ზამთარში ანდორა-ლა-ვიეხას გარეუბნებში (გრანდვალირა, ვალ-ნორდი, სოლდეუ-ელ-ტარტერი და სხვ.) და სნოუპარკებში „პას-დე-ლა-კასაში“ და „ელტარტერში“ სრიალებენ თხილამურებითა და სნოუბორდით, სეირნობენ ძაღლებიანი მარხილითა და სხვ.

ტურისტული ობიექტები:

ანდორა-ლა-ვიეხაში (წმიდა სტეფანეს სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო საეპისკოპოსო ტაძარი (აშენდა XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისში. ბევრჯერ გადაკეთდა. ბოლოს გადაკეთდა 1969 წელს), წმიდა არმენოლის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIXII საუკუნეები) და სხვ.; მთავრობის რეზიდენცია „ხეობების სახლი“ (1580 წელი); სასამართლოს შენობა – სალა-დე-ლა-ჯუსტიკა (XVII საუკუნე); პარლამენტის შენობა – სალა-დელ-კონსელი (XIX საუკუნე); ფილატელიის მუზეუმი; გამაჯანსაღებელი თერმული კომპლექსი „კალდეა“ ესკალდესში და სხვ.), ანდორა-ლა-ვიეხას მიდამოებში (ფუას გრაფების ციხე-კოშკის ნანგრევები (XII საუკუნე) ანკლარის მთაზე; ორი ძველი რომაული თაღიანი ხიდი მდინარე ვალირაზე (ახ. წ. I-II საუკუნეები); მერიტშელის ღვთისმშობლის სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (აშენდა 1972 წელს XII საუკუნის ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე, რომელიც დაიწვა 1972 წელს) ქ. გრანდ-ვალირში; წმიდა ქრისტეფორეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XII საუკუნე) სოფელ ანიოსში, ქ. ლა-მასანიდან 4 კმ-ში; სანტ-პერე-მარტინის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1956-1981 წლები), ესკალდეს-ენდორგანის თემის ტერიტორიაზე; წმიდა მარტინის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XII საუკუნეში და გამაგრებული იქნა XVII საუკუნეში) სამრეკლოთი, ქ. ორდინოდან ჩრდილოეთით; სანტა-კოლომას სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (X საუკუნე) სოფელ სანტა-კოლომაში; სანტ-პერ-დელ-ტარტერის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVIII საუკუნე) თაღიანი სამრეკლოთი, ქ. კანილიოსთან, სოფელ ელ-ტარტერში; სანტ-როკ-დე-სორნასის სახელობის რომაუ-კათოლიკური ეკლესია სამრეკლოთი (1720 წელი), ორდინოს ოლქის სოფელ სომასში; სანტ-სერნი-დე-ლიორსტის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVII საუკუნე), ქ. ლიორსტში; სან-მარინ-დე-ლა კორტინადას სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XII საუკუნის დასასრულს, რამდენჯერმე გადაკეთდა, ხოლო 1968 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია), ქ. ორდინოსგან ჩრდილოეთით; სანტ-რომა-დე-ლეს-ბონსის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XII საუკუნეში, გაფართოვდა XIII, XVI-XVIII და XIX საუკუნეებში), ქ. ენკამპში; წმიდა ევლალიის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XI საუკუნეში, გადაკეთდა XVII და XX საუკუნეებში) სამრეკლოთი (XI საუკუნე) და წმიდა ევლალიის მუზეუმი, ქ. ენკამპიდან დასავლეთით, სოფელ ვილაში; მთავარანგელოზ მიქაელისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (XII საუკუნე), ქ. ენკამპში და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები