ანენსკიე მინერალნიე ვოდი
ანენსკიე მინერალნიე ვოდი – (ინგლ. Annenskie mineralnie vodi, რუს. Анненские минеральные воды), ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის ფედერაციაში, ხაბაროვსკის ოლქის ულჩის რაიონის სუსანინოს სოფლის დასახლებაში, ქ. ამურის ნიკოლაევსკიდან 120, ხოლო დაბა ბოგოროდსკოედან 10 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ტაიგის ზონაში, მდინარე ამურის მარჯვენა ნაპირზე. რელიეფი – ბორცვიანი.
ჰავა – მკვეთრად კონტინენტური. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -27°C, ზაფხული გრილია და ხანმოკლე. ივნისის საშუალო ტემპერატურაა 17°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 500 მმ-ს, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა – 2200 საათს წელიწადში.
კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიები მდებარეობს ტაიგაში, სადაც ძირითადად ხარობს წიწვოვანი მცენარეები (ლარიქსი, ნაძვი, ფიჭვი), ხოლო ქვეტყეში – ცაცხვი, ლეკა, ცხრატყავა, ცირცელი, ასკილი და სხვ.
ანენსკიე მინერალნიე ვოდიში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლების აბაზანები და შესხურებები ამ წყლით. გარდა ამისა, აღნიშნულ კურორტზე, ფართოდ გამოიყენება ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი, რომელიც მოიპოვება ტბა გავანში, ანენსკიე მინერალნიე ვოდიდან 3 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. კურორტზე აღნიშნული ტალახი გამოიყენება აბაზანების, აპლიკაციებისა და ტამპონების სახით.
ჩვენებები ანენსკიე მინერალნიე ვოდზე წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
ანენსკიე მინერალნიე ვოდსა და მის მიდამოებში (მდინარე ამურის ხეობა; ბუდისტური ტაძრის (XV საუკუნე) ნანგრევები დაბა ტირთან; უდილის ტბა და სხვ.), დაბა ბოგოროდსკოეში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ყაზანის ხატის სახელობის ხის მართლმადიდებლური ეკლესია (XIX საუკუნის 90-იანი წლები); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; მომღერალ ნიკოლოზ დავიდოვის სახლმუზეუმი და სხვ.), ამურის ნიკოლაევსკში (მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (XIX საუკუნის 50-იანი წლები); ვ. როზოვის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ჩრდილოეთის მკვიდრ მცირერიცხოვან ხალხთა ნაციონალური კულტურის ცენტრი; ამურის ნიკოლაევსკის დამაარსებლის გ. ნეველსკის ძეგლები (ერთი ძეგლი დაიდგა 1915 წელს, ხოლო მეორე – 1950 წელს) და სხვ.), ამურის ნიკოლაევსკის მიდამოებში (ტბები – ორელი და ჩლია; ევანგელისტური ქრისტიანების ეკლესია „ყოვლადწმიდა სამება“ (1992 წელი), VII დღის ადვენტისტების ეკლესია (1995 წელი) და სხვ.).