ანთროპოლოგიური თეორია ფოლკლორისტიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთროპოლოგიური თეორია ფოლკლორისტიკაში – ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ფოლკლორისტიკასა და ეთნოგრაფიაში.

წარმოიშვა ინგლისში მითოლოგიური და სესხების ანუ მიგრაციის თეორიების საწინააღმდეგოდ. მისი დამფუძნებელია ედუარდ ბერნეტ ტეილორი (1832–1917) – პირველყოფილი კულტურისა და რელიგიის მკვლევარი. ამ თეორიით მსოფლიოს ხალხთა კულტურის მსგავსება ახსნილია პირველყოფილ ადამიანთა ფსიქიკის იგივეობით. ამ თეორიას ხშირად თვითჩასახვის თეორიასაც უწოდებენ.

ანთროპოლოგია ბერძნული სიტყვაა ნიშნავს მოძღვრებას ადამიანის შესახებ (antropos – ადამიანი, logos– მოძღვრება). ტეილორი მიზნად ისახავდა გაერკვია კაცობრიობის კულტურის განვითარების საფეხურები.

ანთროპოლოგიური თეორიის თვალსაზრისით ხასიათდება ნაშრომები ინგლისელი ფილოსოფოსის, ფსიქოლოგისა და სოციოლოგის ჰერბერტ სპენსერისა (1820–1903), ტეილორისაგან განსხვავებით, სპენსერმა უარყო პირველყოფილი ადამიანის ფანტაზია და აღიარა მისი დაკვირვების უნარი. მითის, რელიგიისა და შემოქმედების წყაროდ მიიჩნია სიზმარი, გულისყრა, ექსტაზი და ა. შ.

მოძღვრებას მითების წარმოშობისა საერთო ფსიქოლოგიურ საფუძველზე მთლიანად იზიარებდა და ტეილორთან ერთად ანვითარებდა შოტლანდიელი ისტორიკოსი ღა ფილოლოგი ენდრიუ ლანგი (1844–1912). ანთროპოლოგიური თეორიის პრინციპებზეა აგებული მისი ნაშრომები „მითოლოგია“ „წესჩვევები და მითი” (Custom and Myth, 1884); „მითი, რიტუალი და რელიგია" (Myth, Ritual and Religion, 1887).

ანთროპოლოგიურ თეორიას მრავალი მიმდევარი და თანამგრძნობი გამოუჩნდა ევროპაში; გერმანიაში ანთროპოლოგიური თეორიის გავლენა განიცადა ადრე მითოლოგიური სკოლის წარმომადგენელმა ვილჰელმ მანჰარდტმა (1831–1880). ამ პრინციპებითაა აგებული მისი „მინდვრისა და ტყის კულტები“ (Wald and feldkulte, (1875–1877). გერმანიაში ანთროპოლოგიურ მოძღვრებს თავისებური სახე მისცა ვილჰელმ მაქს ვუნდტმა (1832–1920). ნაშრომში „ხალხთა ფსიქოლოგია“ (Volker psychologie) ვუნდტმა ენა და ფოლკლორი მთლიანად ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მოვლენებამდე დაიყვანა. კიდევ ერთი „ფსიქოლოგიური სკოლის“ ავსტრიული რომელიც წარმოდგენილია ფროიდის ნაშრომებში „სიზმრის ახსნა“ (Die Traumeiting, 1900), „პოეტი და ფანტაზია“ ფროიდმა რელიგიური შეხედულებანი და პოეტური ფანტაzია დაიყვანა სექსუალურ მომენტებამდე.

საფრანგეთში ჟოზეფ ბედიეს „ზღაპართა პოლიგენეზისის“ თეორია არ არის თავისუფალი ანთროპოლოგიური თეორიის გავლენისაგან. უფრო გვიან ანთროპოლოგიური თეორის პრინციპები გაიზიარა ინგლისელმა მეცნიერმა ჯემს ჯორჯ ფრეზერმა (1854-1941). ფრეზერმა, ტეილორის მსგავსად, რელიგიის წარმოშობა და განვითარება დაუკავშირა ადამიანთა ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას. ფრეზერის შეხედულებით პირველყოფილ ადამიანთა ფსიქიკის იგივეობა მსოფლიოს ხალხთა კულტურის მსგავსების მიზეზია. ფრეზერი ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს მაგიას. მისი დასკვნით, მაგიზმი ანიმიზმის საფუძველია. ფრეზერის ნაშრომები „ფოლკლორი ძველ აღთქმაში“ (The Folklore in the Testament) და „ოქროს შტო“ (the Golden bouge). ფრეზერის ნაშრომები შეიცავენ მდიდარ მასალას პირველყოფილ ადამიანთა წესჩვეულებების შესახებ.

რუსეთში ანთროპოლოგიური თეორიის პრინციპები გაიზიარა ა. ნ. ვესელოვსკიმ (1870-1906). ვესელოვსკიმ განიცადა დარვინის მოძღვრების ერთგვარი გავლენაც. ისტორიული პოეტიკის შემუშავებისას იგი ეყრდნობა ევოლუციურ თეორიას.

ანთროპოლოგიურმა თეორიამ გადალახა ეთნიკური ნათესაობისა და კულტურული ურთიერთობის საზღვრები. გაამდიდრა მეცნიერება პირველყოფილი კულტურის მასალების ანალიზით. ანთროპოლოგიური თეორიის სუსტი მხარე იმაშია, რომ ვერ ახსნა საკაცობრიო კულტურის განვითარების კანონზომიერებანი.

ქს. სიხარულიძე'

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები