ანთროპონიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთროპონიმი − (ბერძ. < ἄνθρωπος – ადამიანი და ὄνομα – სახელი), ინდივიდის აღმნიშვნელი ნებისმიერი წარმოშობის საკუთარი სახელი, რომელსაც ესა თუ ის პირი ატარებს. საზოგადო არსებით სახელთაგან განსხვავებით, პირის საკუთარი სახელი შეიძლება იყოს როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. ამასთანავე, ერთი და იგივე საკუთარი სახელი (გიორგი, თამარი, ივანე, ქეთევანი, ვახტანგი, ვაჟა, მანანა, ეთერი, შოთა...) შეიძლება ათეულათასობით ადამიანს ერქვას. ამ სახელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე სახელები შესაძლოა სხვა ხალხთა ენებშიც დასტურდებოდეს.

ანთროპონიმი ისეთივე ძველი წარმონაქმნია, როგორიც თვით ადამიანთა საზოგადოება. ნებინმიერი ხალხის ანთროპონიმულ სისტემაში გამოიყოფა მშობლიური (ადგილობრივი) და ნასესხები სახელების მდიდარი ფონდი. ერთენოვანი ანთროპონიმია, დღევანდელ მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, არც არსებობს. ქართულ ანთროპონიმებს შორისაც, ბუნებრივია, განარჩევენ საკუთრივ ქართულ და არაქართულ, სხვადასხვა ენიდან ნასესხებ საკუთარ სახელებს. ადგილობრივი საკუთარი სახელები, ნასესხებთან შედარებით, უფრო ძველი და მდგრადია. ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა დროს ნასესხები საკუთარი სახელები ფონეტიკურად უფრო იცვლიან სახეს, ვიდრე საკუთრივ ქართული-ქართველური ანთროპონიმები.

ადგილობრივი წარმოშობის საკუთარ სახელებში ძირითადად გადმოცემულია მისი მფლობელის ფიზიკური და სულიერი (შინაგანი) ნიშან-თვისებანი, აგრეთვე ციურ სხეულთა ან ყვავილ-მცენარეთა სახელწოდებანი (გრძელა || გძელი, მაღალა, შავა, თეთრა, მწითურა, ვაჟა, შვენა, ჭრელა, ძილია, უშიშა, მზისახარი, მთვარისა, იამზე, შუქია, მზექალა, ციალა, ცისია, ცისნამი…).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ხალხებთან კულტურულმა კონტაქტებმა, მწიგნობრული თუ ზეპირი სესხების გზით, ჩვენი ეროვნული ანთროპონიმული ფონდის უჩვეულო სიმრავლე და გამრავალფეროვნება გამოიწვია, თუმცა მას საკუთარი ეროვნული, სახე და თვითმყოფობა არასოდეს დაუკარგავს. საკუთარ სახელთა ახალი ფენის გვერდით კვლავ განაგრძობდა არსებობას პირთა სახელრქმევის ადგილობრივი ტრადიციები. ამიტომაც იყო, რომ ხშირად ერთი კონკრეტული პირი ერთდროულად რამდენიმე საკუთარ სახელს ატარებდა.

ისტორიულად ქართული ანთროპონიმული სტრუქტურა, ჩვეულებრივ, ორწევრაა, სინტაგმას ქმნის პირის საკუთარი სახელი + ნათ. ბრუნვაში დასმული მამის (წინაპრის) სახელი + გვაროვნული სართი (-ძე, -შვილი, -ური, -ელ-ი...): გაბრიელ დონაური, ბაკურდუხტ ხარაისძე, სულა ჯაფარისძე, რატი დაფქუაისძე. ვარდან გიონაისძე, მიქაელ მჭევრაისძე, შერმაზან ჩოლოყაშვილი.

განვითარებული ხანის ფეოდალურ საქართველოში მიწის სავარგულების განკარგვის (მფლობელობის) დამადასტურებელ იურიდიულ, საბუთებში ორწევრა ანთროპონიმულ სინტაგმას ხშირად ცვლის სამწევრა მოდელი (მამისახლობის აღმნიშვნელი გვაროვნული კუთვნილების ჩვენებით): ხოკრიანთ პაპუნას შვილი იმედა და იასე, ყველიანთ ბერის შვილი გამახარე, წიპტაური ოქროპირის შვილი ქიტესა, თეზელანთ ზურაბას შვილი ბერი, ოღაძე პაპიას შვილი გივი, წითურაული შიოს შვილი პეტრე, მახარე და გივი…

1930-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე ქართულ ოფიციალურ ანთროპონიმში (პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში) სამწევრიანი სინტაგმა (პირის გვარი, სახელი და მამის სახელი) გამოიყენებოდა. ამჟამად საქართველოს მოქალაქეთა პასპორტიზაცია ორწევრა (გვარი, სახელი) სისტემის გამოყენებით ხდება.

გ. ბედოშვილი


ლიტერატურა

  • ბაგრატიონი იოანე, შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადაზნაურთა გვარებისა, თბ., 1997 (რედაქტორი და გამომცემელი ზ. კაცელაშვილი);
  • ჯანაშია ს. თუბალ-თაბალი. ტიბარენი, იბერი, იხ. მისი: შრომები, ტ. III, თბ. 1959;
  • მეტრეველი ე. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962;
  • ანდრონიკაშვილი მ. ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდიან, ტ. 1, თბ., 1966;
  • ჯავახიშვილი ი. საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები. წგ. I. თბ.. 1967;
  • შანიძე ა. თეოფორული სახელები ქართველურ ენებში. – „მაცნე“. 1967, № 2

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები