ანიკშჩიაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილი ანიკშჩიაი

ანიკშჩიაი (ინგლ. Anikshchiai, რუს. Аникщяй), კლიმატური, სათხილამურო საკურორტო ადგილი ლიტვაში, ანიკშჩიაის რაიონში, ქ. ვილნიუსიდან 118 კმ-ში, ჩრდილოეთით და ქ. კაუნასიდან 110 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარეების შვენტოიის და ანიქშთას (მდინარე ნემანის აუზი) ნაპირებზე. ანიკშჩიაის რელიეფი ვაკე-ბორცვიანია, ხოლო მისი მიდამოების – მთაგორიანი.

ჰავა ზომიერად კონტინენტურია. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,5°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 600 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულ-შემოდგომაზე, მინიმუმი – ზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა შეადგენს 1785 საათს წელიწადში.

ანიკშჩიაი დაფარულია ფიჭვნარით, ხოლო მისი მიდამოები – ფიჭვნარითა და მუხნარით.

ანიკშჩიაის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია სუფთა, აეროიონებით, ფიტონციდებითა და ტყის არომატით გაჯერებული ჰაერი.

ანიკშჩიაის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ანიკშჩიაიში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.


ტურისტული ობიექტები:

ქ. ანიკშჩიაიში (წმიდა მოციქულისა, მახარებლისა და ევანგელისტ მათეს სახელობის რომაულ-კათოლიკური, ლიტვურ-პოლონური ეკლესია (XVIII საუკუნის 40-60-იანი წლები); ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის სადგურის მუზეუმი; ანგელოზების მუზეუმი და საკრალური შემოქმედების ცენტრი; ა. ბარანაუსკასის და ა. ვენუოლის-ჟუკაუსკასის მემორიალური სახლმუზეუმი; ანიკშჩიაის ყოფილი სამლოცველო – საკონცერტო და საგამოფენო ცენტრი და სხვ.),
ქ. ანიკშჩიაის მოდამოებში (სოფელ შეიმინიშკელიაიშთან – დიდი ყორღანი და ნაქალაქარის (X-XV საუკუნეები) ნაშთები; სოფელ ნიურონისში – ი. ბილი-უნასის მემორიალური კარ-მიდამო და ცხენის მუზეუმი; სოფელ გრეჟიონელიუში – ლ. და ს. დიჯიულისების მემორიალური კარ-მიდამო; სოფელ კუნიგიშკიუში – სვედასაის მხარის მუზეუმი (კანონიკ იოზას თუმას – ვაიჟგანტასის მუზეუმი); რუბიკიაის ტბა თავისი კუნძულებითა და სათვალთვალო კოშკით; სოფელ ტროშკუნუში – ბერნარდელთა მონასტერი და ეკლესია (XVII საუკუნე), აბორეტუმი და ქანდაკებების პარკი (XIX საუკუნე);
ქ. ანიკშჩიაისთან – ბურბიშკისის მამულის პარკი (XIX საუკუნე), ოკულიჩიუტეს სასახლე (XVII-XIX საუკუნეები), XVII საუკუნის მამულების კარ-მიდამოები – რაგუველსკისა და შლავენსკის, ფიჭვნარი, დედოფლის ჭაობი, გიგანტური კაჭარი „პუნტუკარი“, რომლის წონაა 265 ტონა და სხვ.),
ქ. კაუნასში (პიატრო ორ პოვილოს (პეტრესა და პავლეს) სახელობის რომაულ-კათოლიკური, ლიტვურ-პოლონური საკათედრო ტაძარი (1408-1412 წლები); რომაულ-კათოლიკური, ლიტვურ-პოლონური ეკლესიები – წმიდა ვიტაუტასის (წმიდა ვიტოვტის) სახელობის (XV საუკუნე), წმიდა ფრანცისკის სახელობის (იეზუიტების) (1666-1725 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის (XVIII საუკუნე), წმიდა ჰერტრუდას სახელობის (XVIII საუკუნე) და სხვ.; მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (1891-1893 წლები); კაუნასის ციხე-დარბაზი (XIII-XVII საუკუნეები); კაუნასის რატუშის შენობა (აშენდა 1542 წელს და გადაკეთებული იყო XVIII საუკუნეში); პერკუნასის სახლი (XV-XVI საუკუნეები); XV-XVII საუკუნეებში აშენებული საცხოვრებელი სახლების კომპლექსი; მასალსკების ყოფილი სასახლე (XVII საუკუნე); მუზეუმები – ვიტაუტას დიდის სამხედრო, მხატვარ მ. ჩიურლიონისის, „ეშმაკების“, ზოოლოგიური, კერამიკის, ისტორიული, მემორიალური, ლიტერატურული, მე-9 ფორტის, ფაშიზმის მსხვერპლთა და სხვ.; საგარნიზონო ტაძრის შენობა (1890-1895 წლები), სადაც ამჟამად მდებარეობს ვიტრაჟებისა და ქანდაკებების გალერეა; სამხატვრო გალერეა; მ. ჩიურლიონისის სურათების გალერეა; ფუნიკულიორი; ბოტანიკური ბაღი; ზოოპარკი; აკვარიუმი და სხვ.),
ქ. ვილნიუსში (წმიდა სტანისლავის და წმიდა ვლადისლავის სახელობის რომაულ-კათოლიკური, ლიტვურ-პოლონური არქისაკათედრო ტაძარი (1777-1801 წლები); რომაულკათოლიკური, ლიტვურ-პოლონური ეკლესიები – მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1320-1387 წლები); წმიდა იოანეთა სახელობის (1388 წელი), წმიდა ანას სახელობის (XVI საუკუნე), წმიდა ფრანცისკის სახელობის (ბერნარდელების) (XVI საუკუნე); მთავარანგელოზ მიქაელის (1594 წელი), ყველაწმიდას სახელობის (XVI-XVII საუკუნეები), წმიდა კაზიმირის სახელობის (იეზუიტების) (1604-1616 წლები), წმიდა ეკატერინეს სახელობის (1622 წელი), წმიდა ჯვრის სახელობის (1635 წელი), ყოვლადქებულთა და თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის (1668-1676 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის (1695-1730 წლები), წმიდა სულის სახელობის (XVIII საუკუნის II ნახევარი) და სხვ; რომაულ-კათოლიკური, ლიტვურ-პოლონური მონასტრები – წმიდა ანას სახელობის (ბერნარდელთა) (XVII საუკუნე), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მისიონერთა სახელობის (1695-1730 წლები), წმიდა სულის სახელობის (დომინიკელთა) (XVIII საუკუნის I ნახევარი); რომაულ-კათოლიკური, ლიტვურ-პოლონური ოსტრობრამის ეკლესია ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა მარიამის სახელობის და წმიდა ტერეზას სასწაულთმოქმედი ხატებით (1635-1650 წლები); ყოვლადწმიდა სამების სახელობის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია და ბაზილიანელთა მონასტერი (XVI საუკუნე); ყველაწმიდას სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (1865-1868 წლები); მართლმადიდებლური ეკლესიები _ დიდმოწამე პარასკევას სახელობის (1864 წელი), მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1914 წელი); სინაგოგა (1903 წელი); ყარაიმების ეკლესია (1913 წელი) და სხვ.; ციხე-დარბაზის (აშენდა XIV საუკუნეში, გაფართოვდა XV საუკუნეში) ნანგრევები; ვილნიუსის უნივერსიტეტის ანსამბლი (XIV საუკუნის ბოლო მეოთხედი – XIX საუკუნის I მეოთხედი); რეზიდენტურა – ეპისკოპოსის ყოფილი სასახლე (აშენდა XVI-XVIII საუკუნეებში, გადაკეთდა 1824-1832 წლებში); გედიმინასის კოშკი, დათვალიერების მოედნით ციხე-დარბაზის მთაზე; სამი ჯვრის მთა; როსის სასაფლაო, სადაც დაკრძალულნი არიან: ლიტვის, პოლონეთისა და ბელორუსის კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები; მუზეუმები – ლიტვის ნაციონალური, რკინიგზის, არქიტექტურის, თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის, საუნივერსიტეტო მეცნიერების, მე-9 ფორტის, ხოლოკოსტის, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, არსენალი, არტილერიული ბასტიონი და სხვ.; ქარვის მუზეუმი-გალერეა; სურათების გალერეა; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი; ა. პუშკინისა და ა. მიცკევიჩის სახლ-მუზეუმები; ვინგისის ფიჭვის ტყე-პარკი და სხვ.) და ქ. ვილნიუსის მიდამოებში (ტრაკაის ტბები კუნძულების დიდი რაოდენობით და XV საუკუნის ციხე-დარბაზით, ვილნიუსიდან 30 კმ-ში, დასავლეთით; ევროპის პარკი სიურრეალისტური ქანდაკებებით, ვილნიუსიდან 20 კმ-ში და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები