ანტენა რეფლექტორი
ანტენა რეფლექტორი – (ინგლ. antenna reflector), პარაბოლოიდური ამრეკლი ეკრანის ზედაპირის მქონე ლითონის კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რადიოტალღების მისაღებად და გადასაცემად კოსმოსური სივრციდან.
რეფლექტორი (გასაშლელი) შექმნილი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ავტორთა კოლექტივი აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით) და 1999 წლის 23 ივლისს გაშლილი იქნა ღია კოსმოსში სადგურ „მირ“-ის სპეციალურ კონსტრუქცია „სოფორა“-ზე რუსი და ფრანგი კოსმონავტების მიერ.
ანტენა რეფლექტორი შედგება გამშლელი ძალოვანი რგოლისგან, რომლის ფუნქციებია ელექტროამძრავებით გაშლა, მასთან დაკავშირებულ, წინასწარ დაძაბულ ცენტრთან ერთად. ცენტრი შედგენილია მოქნილი, ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი, გაჭიმული, რადიანული განლაგების ფურცლებისაგან – წიბოებისაგან. წინასწარ დაძაბულ ფურცლებს თავის სიბრტყეში გააჩნიათ დიდი სიხისტე, ამასთან, ისინი თავისი ზუსტი პროფილით აღწევენ პარაბოლოიდის ზუსტ, დისკრეტულ გეომეტრიას, რომელზეც რეფლექტორის ამრეკლი ეკრანი – მეტალის ტრიკოტაჟის ბადეა დამაგრებული. კოსმოსურ აპარატთან რეფლექტორის ჩამაგრება ხორციელდება ცენტრალური კვანძით, სადაც ასევე მოწყობილია რეფლექტორის გაშლის სინქრონიზატორები. რეფლექტორის ეკრანს გააჩნია ელიფსური მოხაზულობა, რომელიც გამშლელ ძალოვან რგოლთან მიმართებაში ხორციელდება მასზე სხვადასხვა სიგრძის კონსოლური გადმონაშვერების დამაგრებით, რომლებიც წარმოადგენს ცენტრალური რადიალური წიბოების გაგრძელებას. ყოველი წლის 23 ივლისი საქართველოში აღინიშნება როგორც „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე”.