ანტიგმირი
ანტიგმირი – ტრადიციული, ამაღლებული, განსაკუთრებული ღირსებებით შემკული გმირის ირონიული და გროტესკული ორეული. ადამიანურ ფასეულობათა დაცემის, იდეალების გაუფასურების პროცესში, ანტიგმირი წარმოსდგება როგორც დამსახურებული რისხვა, ხოლო ანტიგმირული ქმედება – როგორც უალტერნატივო, იძულებითი ნაბიჯი. ანტიგმირის პირველი ნიმუშები წარმოიშვა ჯერ კიდევ აღორძინების ხანაში. ანტიგმირის თვისებებს ამჟღავნებს მეფისტოფელი (მარლო), რიჩარდ მესამე, შეილოკი (შექსპირი).
კლასიციზმმა და რომანტიზმმა არ გაიზიარა ანტიგმირის კონცეფცია, მონიშნული აღორძინების ხანაში. მის მიმართ გულგრილი დარჩა ნატურალიზმიც და სიმბოლიზმიც. სამაგიეროდ ინტელექტუალურმა დრამამ ანტიგმირი ეპოქის ცენტრალურ პერსონაჟად წარმოსახა (იბსენი, სარტრი, კამიუ, დიურენმატი).
იდეალების მქონე, სულიერად ამაღლებულ პერსონაჟს აღარ ძალუძს გაუძლოს მოზღვავებულ მანკიერებას, მისი ცნობიერება იხლიჩება და იგი იძულებულია მასხარისა და ცინიკოსის ნიღაბს ამოეფაროს.