ანტონიმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონიმები – (ძვ. ბერძნ. ἀντι — წინააღმდეგ საპირისპირო ὄνομα — სახელი) სემანტიკურად დაპირისპირებული სიტყვები (ერთი მეტყველების ნაწილის ფარგლებში).

ზოგი განსაზღვრის მიხედვით, ანტონიმებს მხოლოდ ზედსართავები ან მათგან ნაწარმოები აბსტრაქტული სახელები ქმნიან (კეთილი – ბოროტი, სიკეთე – ბოროტება), სხვა განსაზღვრის მიხედვით კი – ზმნებიც, ნაცვალსახელებიც, ზმნიზედებიც: გაიღვიძა – დაიძინა, ყველა – არავინ, ხშირად – იშვიათად და ა. შ.

ანტონიმური დაპირისპირება ორგვარია:
1. კონტრარული, რომლის დროსაც დაპირისპირებული ცნებები გამოიხატება ხარისხობრივად განსხვავებულ ნიშან-თვისებათა მწკრივის კიდურა წევრებით: ყოველთვის (– ხშირად – ზოგჯერ – იშვიათად) – არასდროს. ასეთი ანტონიმები, როგორც წესი, სხვადასხვა ფუძის სიტყვებია (შავი – თეთრი, გრძელი – მოკლე).
2. კონტრადიქტორული, რომლის დროსაც ერთი ცნების ნიშან-თვისებები მეორე ცნებაში უარიყოფა: სწორი – არასწორი, ლამაზი – ულამაზო. ამ შემთხვევაში დაპირისპირება დერივაციულ აფიქსებს, უარყოფით ნაწილაკებს ან ზმნისწინებს ეკისრებათ. შდრ.: ჭკვ-იან-ი – უჭკუ-ო, ბედ-ნიერ-ი – უ-ბედ-ურ-ი; ყოფნა – არ-ყოფნა, იშვიათად – არა-იშვიათად; ა-ხტა – და-ხტა, შესვლა – გამო-სვლა… მაგრამ აფიქსური წარმოებით დაპირისპირებული მეწყვილეები ყოველთვის ვერ ქმნიან რეალურ ანტონიმებს. შდრ.: მანკიანი, მანკიერი – უმანკო, მაგრამ თითი – არათითი. ეს ვითარება ზოგჯერ ისტორიული ფაქტორებითაა შეპირობებული.

პოლისემიურ სიტყვას, ჩვეულებრივ, ერთზე მეტი ანტონიმი შეესაბამება: მძიმე (ტვირთი) – მსუბუქი, მძიმე (ცხოვრება) – ადვილი, მძიმე (ნაბიჯი, სიარული) – სწრაფი; მსუქანი (კაცი) – გამხდარი, მსუქანი (ხორცი) – მჭლე. მაგრამ პოლისემიას ანტონიმთა სიმრავლისათვის ყოველთვის არა აქეს მნიშვნელობა. მაგ. სიტყვა „ერთ“-ს სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება დაუპირისპირდეს სიტყვები: ორი, მეორე, მრავალი, ცხრა, ასი, ათასი და ა. შ.

ანტონიმური წყვილები ხშირად რთული სიტყვებისა (ორმნიშვნელობიანი კომპოზიტების) და მყარი შესიტყვებების წარმოქმნის ერთ-ერთი წყაროა: ავ-კარგი, დღე-ღამე, სტუმარ-მასპინძელი, ცოცხალ-მკვდარი, აქა-იქ, მეტ-ნაკლებად, ერი და ბერი, ჭირი და ლხინი.

ანტონიმები ენაში რეგულარულ, უზუალურ დაპირისპირებას გულისხმობს და არა შემთხვევითსა და ინდივიდუალურს. ანტონიმთა ხშირ ხმარებას ხელს უწყობს მათი ერთად ყოფნა მყარ გამოთქმებში, ანდაზებში, სიტყვის მასალაში, მოარულ ციტატებში: „ავი არ მაკადრიანო, კარგი არ მაღირსიანო“, „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“. ამათგან განსხვავებულია ანტონიმების ოკაზიონალური გამოვლენის შემთხვევები, მაგ- თერგისა და მყინვარის დაპირისპირება ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“ ანტონიმთა ინდივიდუალური, შემოქმედებითი გამოყენების ნიმუშს წარმოადგენს. პოეტურ და ორატორულ მეტყველებაში ანტონიმებზე აიგება ანტითეზა (დაპირისპირება) და ოქსიმორონი (ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნების შეერთება).

ანტონიმები დამახასიათებელია სრულიად სხვადასხვა სტრუქტურის ენებისათვის. ამ მხრივ იგი ენობრივი უნივერსალიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

შ. აფრიდონიძე


ლიტერატურა

  • კვირიკაშვილი ც. ანტონიმიის სტრუქტურული დახასიათება. – კრ: „თბილისის უნივერსიტეტი – გიორგი ახელედიანს“, თბ. 1969;
  • ფოჩხუა ბ. „ქართული ენის ლექსიკოლოგია“. თბ. 1974.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები