აპოლონიოს როდოსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოლონიოს როდოსელი – ძვ. წ. III საუკუნის ბერძენი პოეტი. დაიბადა 273 წ. ალექსანდრიაში, სხვა ცნობით ნავკრატისში; ყოველ შემთხვევაში, თავისი ახალგაზრდობა გაატარა ალექსანდრიაში და იყო მოწაფე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გამგის, კალიმაქესი. უკანასკნელისაგან მან მეცნიერული მუშაობის მეთოდები შეითვისა; გადმოიღო მისგან ის დებულებაც, რომ პოეზია მჭიდრო კავშირში უნდა იყოს მეცნიერებასთან 275 წლიდან ზენოდოტეს შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ბიბლიოთეკას.

280-270 წლები უნდა ჩაითვალოს აპოლონიოსის მოღვაწეობის პირველ პერიოდად, როდესაც იგი ცხოველ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ბიბლიოთეკაში და ეპიკურ პოემებს წერდა როგორც სხვადასხვა ქალაქების დაარსებაზე (ალექსანდრიის, ნავკრატისის, როდოსის), ისე მითოლოგიურ სიუჟეტებზე. 270 წლის მახლობელ ხანებში აპოლონიოსსა და კალიმაქეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა პოეზიის საკითხებზე. აპოლონიოსი იმ აზრისა იყო, რომ ძველი საგმირო ეპოსი უნდა აღორძინებულიყო. კალიმაქე კი, პირიქით, აცხადებდა: „ეპიკური სიმღერები მეზიზღება. არ მიყვარს ქუჩა, სადაც ათასობით ხალხი მიდი-მოდის“, ე. ი. მას არ მოსწონდა ფართო ტილო, რომელზედაც ბევრი სხვადასხვა ეპიზოდი იყო ერთსა და იმავე დროს გადმოცემული. ის მოითხოვდა. თანამედროვეობისათვის შესაფერის წვრილ პოემებს.

ლიტერატურული ხასიათის პაექრობა მასწავლებელსა და მოწაფეს შორის პირადი მტრული ურთიერთობით დასრულდა, ისე რომ მოწაფე, აპოლონიოსი, იძულებული იყო ალექსანდრია დაეტოვებინა და კუნძულ როდოსზე გადასახლებულიყო. 270-260 წლებში აპოლონიოსი როდოსზე მოღვაწეობს (აქედან დაუმკვიდრდა მას მეტსახელად „როდოსელი“). აქ მან საბოლოო სახე მისცა თავის „არგონავტიკას“, რომელიც ეგზომ არ მოსწონდა კალიმაქეს.

260 წლის შემდეგ აპოლონიოსი ალექსანდრიაში მოღვაწეობს (მისი „არგონავტიკა“ საყოველთაოდ აღიარებულია) და ბიბლიოთეკის გამგის თანამდებობასაც იღებს.

არგონავტიკა

აპოლონიოს როდოსელის მხატვრულ თხზულებათაგან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ მისი „არგონავტიკა“. პოემა აგებულია მითზე არგონავტების ლაშქრობის შესახებ. პოემა შედგება სულ ოთხი სიმღერისაგან.

ჩვენთვის საინტერესოა მესამე სიმღერა, რომლებიც კოლხიდას, კერძოდ, კოლხეთის მეფეს აიეტს, მის ქალიშვილ მედეას, კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული გმირის თავგადასავალსა და იასონისგან ოქროს საწმისის მოტაცებას შეეხება. აპოლონიოს როდოსელის ცნობით არგონავტებმა ნახეს პონტოს ზღვის უკიდურესი ყურე, ფაზისის – რაიონის შესართავი და კავკასიონის მწვერვალები, სადაც მიჯაჭვული პრომეთე თავისი გულ-ღვიძლით კვებავდა საზარელ არწივს.

პოემა აგებულია ძველი ელინური საგმირო ეპოსის მსგავსად. აპოლონიოსს განუზრახავს ისევე დაწვრილებით გადმოეცა იაზონისა და მისი თანამოლაშქრეების თავგადასავალი, როგორც ჰომეროსმა გადმოგვცა ოდისევსისა და მისი ამხანაგების მგზავრობა.

ერთი სიტყვით, აპოლონიოსი ახორციელებს თავის გეგმას და უქმნის ჰომეროსისებრ ეპოსს, 5830 ჰეგზამეტრის შემცველს, რომელშიც იგი ამუშავებს ერთ-ერთ უძველეს მითს ელინთა „საგმირო“ ეპოქიდან. მაგრამ არ იქნებოდა მართებული გვემტკიცებინა: 1) რომ აპოლონიოსმა შეძლო შეექმნა ჰომეროსის პოემების ბადალი თხზულება, რომელიც შეკრული იყოს ერთიანი პოეტიკური კონცეფციით, ან 2) რომ იგი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბრმა მიმბაძველი ძველი ელინური საგმირო ეპოსისა.

„არგონავტიკას“ აკლია პოეტიკური ერთიანობა; ცხადია ისიც, რომ პოემის მხატვრულ ღირსებას ერთგვარად ამცირებს ის გარემოებაც, რომ მისი საკვანძო ეპიზოდები იწყება მხოლოდ მესამე სიმღერიდან; მანამდე კი, პოემის შუამდე, მკითხველი ვერ გრძნობს კონცეფციურ მიმზიდველობას.

მთავარი ღირსება ამ პოემისა ის არის, რომ ავტორმა პირველად ბერძნულ ლიტერატურაში ეპიკური სიჟეტის განვითარება დაუმორჩილა სიყვარულის მოტივს. არც „ილიადაში“, არც „ოდისეაში“ ტრფობა არ ასრულებდა წამყეან როლს: საგმირო საქმეების ბედს წყეტს გმირის სიმამაცე, თავდადება და უმწიკვლობა. „არგონავტიკაში“ კი საგმირო დავალების შესრულება მთლიანად დამოკიდებულია ტრფობაზე. თუ იაზონმა წარმატებით შეასრულა დავალება და ოქროს საწმისი მოიპოვა, არა თავისი მხნეობით და გმირული სივაჟკაცით, არამედ მედეას სიყვარულის წყალობით!

„არგონავტიკის“ მესამე სიმღერა მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება სწორედ იმის გამო, რომ იქ მშვენივრად არის ნაჩვენები ტრფობის ძალა, რომელიც მედეას დაავიწყებინებს მამასაც და სამშობლოსაც. მაგრამ ავტორის სიძლიერე იმაში გამოიხატა, რომ მან მედეას ეს ტრფობა რეალისტური ელფერით აგვისახა. ავტორის მხატვრული ოსტატობა იმაში კი არ უნდა ვეძებოთ, რომ მან მედეას, სიყვარულის გამო, მამა, სამშობლო და ძმა გააწირვინა, არამედ იმაში, რომ მან მედეას სულიერი ბრძოლა ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით გადმოგეცა; მედეას კარგად ესმის, რომ მისი საქციელი არ არის მართებული არც ადამიანური ღირსების და არც საზოგადოებრივი ინტერესების თვალსაზრისით; მან იცის, რომ ბოროტებას სჩადის, როდესაც იაზონთან მიაქვს ჯადოსნური წამალი, რომ ის ღალატობს თავის ქვეყანას, მამას: ორჯერ კიდევაც დააპირა თავის მოკვლა. მაგრამ ტრფობის ალმა და სიცოცხლის წყურვილმა სძლიეს და მედეა ნაკლები წინააღმდეგობის გზით წავიდა: სიცოცხლეც შეინარჩუნა და სანუკვარ საქმროსაც შეეუღლა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები