არაკარდიალური ტკივილი გულმკერდის არეში
არაკარდიალური ტკივილი გულმკერდის არეში - აშშ-ში, სამოქალაქო ომის პერიოდში და კოსტამ (Dა Costa, 1871) აღწერა მდგომარეობა, რომელსაც „გაღიზიანებული გული“ უწოდა. ამ სინდრომის დროს ავადმყოფი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გული დაავადებულია. მას აღენიშნება გაძლიერებული გულისცემა, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა და ტკივილი გულმკერდის არეში. სიმპტომთა ამ კომბინაციას, ასევე, ეწოდება: „გულის მუშაობის აშლილობა“, „ნეიროცირკულარული ასთენია“ და „დაძაბვის სინდრომი“. ეს სიმპტომები თავიდან მიიჩნიეს გულის ფუნქციური დარღვევების მაჩვენებლებად.
გულის დაავადების გარეშე არსებული არაკარდიალური ტკივილი გულმკერდის არეში, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა და გახშირებული გულისცემა, ძალიან გავრცელებულია პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კარდიოლოგიური პოლიკლინიკების პაციენტებში. პაციენტთა უმრავლესობა მშვიდდება საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვან უმცირესობასთან კვლავ გვხვდება ფიზიკური და ფსიქიკური ხასიათის ჩივილები და ყოველდღიურ აქტივობათა შეზღუდვა. შემდგომმა დაკვირვებებმა იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის არეში და ნორმალური კორონარული ანგიოგრამა, აჩვენა, რომ მათთან მოსალოდნელზე ოდნავ უფრო ხშირია გულის დაავადებები და ამით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ პერსისტენტული უნარშეზღუდულობა გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს.
ატიპიური კარდიალური სიმპტომები, შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, მათ შორის ტკივილით, რომელიც აღმოცენდება მკერდის ძვალში, საყლაპავი მილის რეფლექსითა და სპაზმით, მიკროვასკულარული წარმოშობის გულის ტკივილით, მიტრალური სარქველის პროლაპსითა და ფსიქიკური აშლილობით. პაციენტების უმრავლესობაში ტკივილს გულმკერდის არეში შეიძლება იწვევდეს უმნიშვნელო არაკარდიალური ფიზიკური მიზეზები ან ჰიპერვენტილაცია, რაც მცდარად მიიჩნევა გულის დაავადებად და შფოთვასთან არის ასოცირებული. ეტიოლოგია იგივეა, რაც მედიცინაში არსებული სხვა აუხსნელი სიმპტომების შემთხვევაში ჩვეულებრივ ამ სიმპტომების ფსიქიატრიული თანმდევია პანიკური აშლილობა. ნაკლებად გვხვდება დეპრესიული აშლილობა და იპოქონდრია.