არენზანო
არენზანო (არენცანო) – (ინგ. Arenzano; რუს. Арензано, Аренцано), ზღვისპირა კლიმატური კურორტი ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, ლიგურიის რეგიონში, გენუის პროვინციაში, ქ. გენუიდან 10 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. სავონიდან 32, ხოლო ქ. ალასიოდან 75 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ლიგურიის ზღვის გენუის ყურის არენზანოს უბის ნაპირზე. შედის ლიგურიის რივიერის დასავლეთ ნაწილის (Riviera di Ponente) კურორტთა ჯგუფში. კურორტის სანაპირო ზღვისპირა ზოლის რელიეფი ვაკეა, ხოლო არენზანოს სხვა რაიონებისა და მისი მიდამოების რელიეფი მთაგორიანია.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°C. ზაფხული თბილია. ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 24°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 75%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 692 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ივნისზე, მინიმუმი – თებერვალზე. ნალექიანი დღეების მაქსიმუმი მოდის ზამთარსა და გაზაფხულზე, ხოლო მინიმუმი – ზაფხულსა და შემოდგომაზე.
კურორტის სანაპირო დამშვენებულია პალმებითა და ყვავილებით, ხოლო არენზანოს პარკები – ფიჭვების, კვიპაროსების, ქაფურის ხეების, ლიბანური კედრებისა და ურთხელის ხეივნებით. კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია, აგრეთვე, ხეხილის ბაღები (ვაშლი, ატამი, ლეღვი, ზეთისხილი და სხვ.) და ვენახები.
არენზანოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვის ჰაერი და ზღვის წყალი.
არენზანოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები არენზანოში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ არენზანოში (წმიდა ნაზარიოს და წმიდა კელსიოს სახელობის რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (XVI საუკუნე) და ტაძარი (XVIII საუკუნე); პრაღის ყრმა იესოს სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XVII საუკუნე); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა ბართლომეს სახელობის (XVI საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხარების სახელობის (XVIII საუკუნე); შუა საუკუნეების ნაგებობები – ციხე-დარბაზი პალავიჩინი ნეგროტო კამბიაზო, ფიგოლისა და მადალენას ვილები; სარაცინების კოშკი (XVI საუკუნე); ბოტანიკური ბაღი და სხვ.)