არზაკანი
არზაკანი – (ინგლ. Arzakan, რუს. Арзакан), სოფელი და ბალნეო-კლიმატური, სამთო-სათხილამურო საკურორტო ადგილი სომხეთში, კოტაიკის ოლქის რაზდანის რაიონში, ქ. ერევნიდან 32 და ქ. ვაღარშაპატიდან (ქ. ეჩმიაძინიდან) 39 კმ-ში, ჩრდილო- აღმოსავლეთით, ქ. რაზდანიდან 9 და ქ. სევანიდან 19 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე დალარის ხეობაში, ტახკუნიანცის ქედის ძირში, ზღვის დონიდან 1800-1900 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია და ხანგრძლივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,1°C. ზაფხული მშრალია და თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 27,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,0°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 270 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე (102 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (37 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა 2300 საათია წელიწადში.
არზაკანის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფიჭვი, ნაძვი, მუხა, წაბლი და სხვადასხვა სახის ყვავილები. საკურორტო ადგილის მიდამოებში გვხვდება: წიფლნარი, მუხნარი, ფიჭვნარი და ნაძვნარი.
არზაკანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბთერმული (t – 23°C) და თერმული (t – 42-50°C), დაბალი მინერალიზაციის (M –7-9გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
არზაკანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და პერორალური მიღება (დალევა), ინჰალაციები, გამორეცხვები და შესხურებები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები არზაკანში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და პანკრეასის ქრონიკული დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური პათოლოგიები.
ტურისტული ობიექტები:
სოფელ არზაკანში (ძველი სომხური სასაფლაო ხაჩქარების (ქვის ჯვრების) დიდი რაოდენობით (X-XIII საუკუნეები) და სხვ.); სოფელ არზაკანის მიდამოებში (სომხური სამოციქულო ეკლესიის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ნეხუცკის მონასტრის (X-XI საუკუნეები) ნაშთები; მდინარე დალარის ხეობა და სხვ.);