არმიის კონტრშეტევითი ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმიის კონტრშეტევითი ოპერაცია - შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული შეტევითი (ცალკეულ მიმართულებებზე – თავდაცვითი) ბატალიების, საბრძოლო მოქმედებების, ბრძოლების, დარტყმებისა და მანევრების ერთობლიობა. არმიის შენაერთები და ნაწილები კონტრშეტევით ოპერაციას აწარმოებენ მეზობლებთან, შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების, ჯარების გვარეობების შენაერთებთან, ნაწილებთან და არმიის ინტერესების შესაბამისად მოქმედ სხვა ფორმირებებთან ურთიერთმოქმედებით.

არმიის კონტრშეტევითი ოპერაცია არის დაჯგუფების ან საომარი მოქმედების თეატრში სტრატეგიული კონტრშეტევითი ოპერაციის შემადგენელი ნაწილი. ზოგჯერ – მნიშვნელოვან სიღრმეზე კონტრდარტყმის მიყენებისას სტრატეგიული ან დაჯგუფების თავდაცვითი ოპერაციაც.

არმიის კონტრშეტევითი ოპერაცია, რომელიც შეტევითი ოპერაციის ნაირსახეობას წარმოადგენს, შეიძლება განხორციელდეს, როგორც ომის დასაწყისში, ისე მისი მსვლელობისას. ჩვეულებრივ კი – მოწინააღმდეგის შეტევის დროს ან ამ შეტევის მოგერიების შემდეგ.

არმიის კონტრშეტევითი ოპერაციის მიზანია გაანადგუროს მოწინააღმდეგის შემტევი დაჯგუფება, აღიდგინოს დაკარგული მდგომარეობა, ხოლო ზოგჯერ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დაეუფლოს გარკვეულ სასაზღვრო რაიონს (ზღუდეს), რომელიც უზრუნველყოფს შემდგომი შეტევითი მოქმედებების წარმატებას.

იგი მოიცავს ძირითადად I და II ეშელონების შენაერთების და ნაწილების შეტევით, ხოლო ცალკეულ მიმართულებებზე – თავდაცვით საბრძოლო მოქმედებებს, ოპერატიული მობილური რეზერვის, სარაკეტო ჯარების და არტილერიის, სახმელეთო ჯარების, ავიაციის შენაერთების და ნაწილების, საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების, არმიის რეზერვის საბრძოლო და არმიის სპეციალური ჯარების მოქმედებებს.

არმიის კონტრშეტევითი ოპერაციას შეიძლება ახორციელებდეს I ეშელონის არმია დაკავებული ზღუდიდან, თავდაცვიდან შეტევაზე გადასვლით; II ეშელონის არმია – როგორც საწყისი რაიონებიდან, სიღრმიდან წინ წამოწევით, ასევე მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების პირობებში (I ეშელონის ჯარების წინასწარი შეცვლის შემდეგ). მომზადების და განხორციელების მხრივ ყველაზე რთულია ომის საწყის პერიოდში არმიის კონტრშეტევითი ოპერაცია, რომელიც თავდაცვითი ოპერაციის დროს მოწინააღმდეგის აგრესიის მოსაგერიებლად წარმოებს.

I ეშელონის არმიაში არმიის კონტრშეტევითი ოპერაციის უშუალო მომზადება, ჩვეულებრივ, ხდება მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიების დროს. ამასთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი ამოცანების გადაწყვეტა. მათ რიცხვს განეკუთვნება გაბატონება ჰაერში, ხოლო ზღვისპირა მიმართულებით – ზღვაზეც; საცეცხლე უპირატესობის მოპოვება; ჯარების ბრძოლისუნარიანობის აღდგენა; რეზერვების შექმნა და თავმოყრა დადგენილ რაიონებში, ჯარების კონტრშეტევითი დაჯგუფებების გაშლა; მატერიალური საშუალებების მარაგის შექმნა. თანამედროვე საარმიო კონტრშეტევითი ოპერაციის მომზადება და გაძღოლა მთლიანად საარმიო შეტევითი ოპერაციის მომზადებისა და გაძღოლის პრინციპების შესაბამისად ხდება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები