არყალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არყალა – პატარა მდინარე საქართველოში, ქართლში (დუშეთის რ.). სათავეს იღებს ალევის მთებში, გამოივლის ქაისხევს, ძველი საქართველოს სამხედრო გზის პირას ჩამწკრივებულ პატარ-პატარა სოფლებს და ანანურთან, მარჯვენა მხრიდან, მიერთვის მდ. არაგვს. არყალის მეორე შემადგენელი ტოტი გამოედინება სოფელ ვეძათხევის მიდამოებიდან და იქვე, ხეობაშივე მიერთვის ალევის მთებიდან მომდინარე სათაურა ტოტს. ვახუშტი ბატონიშვილი მთელ ამ წყალს ვეძათხევის ხევს უწოდებს: „მას ზეით არს ვეძათჴევის-ხევი. ამ ჴევისა და არაგვის კიდეზედ არს ანანური“. ზოგიერთ ოფიციალურ წყაროსა თუ ტურისტულ გზამკვლევში არყალა მოხსენიებულია როგორც ვეძათხევი.”

ადგილობრივი მოსახლეობა ამ მდინარეს ერთადერთი სახელის მოიხსენიებს; ესაა არყალა ან არყლის ხევი. არყალა დიდი სიკეთით არ გამოირჩევა: სიპატარავის გამო მდინარე ზაფხულობით თითქმის მთლიანად შრება და ქვებს შორის ძლივს შესამჩნევად მოწანწკარებს, დუბელა გუბეებში კი მარტო შავად დაზოლილი ციცქნა გველანა თევზები და თავკომბალები ბუდობენ. სამაგიეროდ არყალამ, როგორც ეს მთის მდინარეებს სჩვევიათ, საშინელი ადიდება იცის. გაზაფხულ-შემოდგომობით, როცა მთებში წვიმს, ისე უცებ მოვარდება, რომ მოსახლეობა ხშირად საქონლის გარიდებასაც ვერ ასწრებს. ამიტომ ამ დაუდევარ მდინარეს ადამიანიც კი არაერთხელ უმსხვერპლია. ადვილი შესაძლებელია, აქაურ მაცხოვრებლებს სწორედ მდინარის ეს თვისება ჰქონდათ მხედველობაში როცა მისი სახელწოდების გარკვევა უცდიათ: არყალა „აჰყარას“ ნიშნავსო. მოსახლეობას ამის შესაბამისი ლეგენდაც შეუქმნია:

„ერთხელ ანანურის ციხის ასაღებად არაგვის ხეობაში დიდძალი თათარი შემოსულა. ლაშქარი ციხის ახლო, არყლის ხევზე დაბანაკებულა. ზაფხულია, წყალი თვალით არა ჩანს. იმ ღამეს ქაისხევის მთებში დიდი წვიმა მოსულა და არყალაც ისე უცებ გამოვარდნილა, რომ დაღლილ, ნამძინარევ ლაშქარს გონს მოსვლა ვერ მოუსწრია, უამრავი ხალხი ჩაუღუპია; ცხენი, კაცი, აქლემი, თოფ-ზარბაზანი არაგვის ჭალებში გაუტანია. ვინც ცოცხალი გადარჩენილა, გარბიან თურმე და თან იძახიან: „აჰყარა, აჰყარაო! იმის მერე ამ ხევისთვის აჰყარა, იგივე არყალა დაუძახნიათ“ (გიორგი ზავრადაშვილი, სოფ. ანანური)

ზოგიერთი ხალხური გადმოცემა სახელწოდება არყალის წარმოშობას არაბულ-სპარსულ ყალა||კალა („ციხე“, „ციხე-სიმაგრე“) სიტყვას უკავშირებს, რამდენადაც მდ. არყალა ანანურის სამონასტრო კომპლექსს სამხრეთის მხრიდან გვერდით ჩაუდის: „ციხის წყალია და თათრებსაც იმიტომ შეურქმევიათ არ-ყალა“ (დავით შაქაროვი, სოფ. ანანური).

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ორივე ეს გადმოცემა ხელოვნური და ნაძალადევია. უფრო მართებული უნდა იყოს მისი არყნალა სიტყვისაგან მომდინარეობა: („არყიანი“, „არყნარი“; „ადგილი, სადაც არყის ტყე ხარობს“). მცენარე არყის მიხედვით არის წარმოქმნილი მდინარის სახელწოდება არყნალის ხევი ქვემო ქართლში (დმანისის რ.). არყნალის ხევი მდინარე ზურტაკეტის (ხორტაკეტის) ერთ-ერთი შემადგენელთაგანია. არყნალის ხევი დადასტურებულია ვახუშტის „აღწერაში“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები