არყიზი დანდაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არყიზი დანდაგ-ი (ოს. Архъызы дæндаг – „არყიზის კბილი“, Хъох дæндаг – „ყოხის კბილი“) – ნართული ეპოსის პოპულარული პერსონაჟის – ხამიცის დამატებითი მომაჯადოებელი კბილი, რომელიც მას, ზოგიერთი გადმოცემით, მამიდამ („ყიზმიდა“) აჩუქა. პირში ჩამაგრებულ არყიზის კბილს შეეძლო ისე მოენუსხა ნებისმიერი ქალი, რომ მისი პატრონი უგონოდ შეყვარებოდა. საჩუქრის მიღებიდან მცირე ხანში თავისი ჯადოსნური კბილით ხამიცმა ფასნართის ალდარის ქალიშვილი – აზაუხანი აცდუნა. რამდენი არ ეცადა საუინაგ-ალდარი მზეთუნახავი ასული – მისირხანი ხამიცის არყიზის კბილისგან მოერიდებინა, საამისოდ ყრუკედლებიანი ციხეც კი ააგო და შიგ ქალწული გამოამწყვდია, მაგრამ მექალთანე ნართმა საწადელი მაინც აიხდინა. არყიზისკბილიანი ხამიცი ისეთი აშიკი გახდა, რომ მისი შიშით ნართები თავიანთ ქალიშვილებს გარეთ გახედვასაც კი უკრძალავდნენ. ხამიცმა არყიზის კბილით ბორაანთ ბურაფარნიგის ცოლი აცდუნა, რის გამოც იგი საინაგ-ალდარმა (ზოგი გადმოცემით, ბორათების დისწულმა) მოკლა. ვიდრე მოკლავდა, საინაგ-ალდარის ხმალი ხამიცის არყიზის კბილს მოხვდა, ხმალს ნატეხი ასტყდა, ცას გამოეკერა და მთვარე გაჩნდა.

ტ. თადევოსიანი ხამიცის პერსონაჟს, დაკავშირებულს ნაყოფიერების ღვთაებასთან, განიხილავს როგორც ქურუმ-დეფლორატორის ფუნქციის შემსრულებელს. აქედანაა გმირის ფალოცენტრიზმი და უმართავი ვნებიანობა.


ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзау-джикау, 1948;
  • Алборов К. Из неопубликованного: зуб любви «архъзы дæндаг», «хъох дæндаг» осетинских нартских сказаний // Дарьял. № 4. Владикавказ, 2006;
  • Цагараев В. Золотая яблоня нартов. Владикавказ, 2000;
  • Тадевосян Т. В. Фольклорные соблазнители: Чурило Плёнкович и нарт Хамыц // III Всероссийские Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები