არხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არხალი – სოფელი საქართველოში თიანეთის რაიონში, მდინარე იგრის ზემო წელზე (დღევ. დულუზაურები).

„ჩვენი ხალხი აქ გადმოსულა არხლიდან. არხალი მაღლა იყო, მთაში. უგზოობით შეწუხებულა ხალხი და თანდათან ამ ადგილებში დასახლებულა. ჩვენაც იმათ მამისახლობაზე მოვდივართ“ (ალექსანდრე დულუზაური).

ტოპონიმ არხალის წარმოშობის გარკვევა სცადა მკვლევარმა ჯიბო ლომაშვილმა. მან არხალი არამეული და ქართული არ („მთა“) და ხარი სიტყვების ნაზავ ერთეულად წარმოგვიდგინა. ამ ვარაუდის მიხედვით არხალი თურმე ნიშნავს: „სოფელი, განთქმული მთის ჯიშიანი ხარებით“.

ამასთან დაკავშირებით, კვლავ შევნიშნავთ, რომ ქართულ ტოპონიმიაში არ დასტურდება არამეული და ქართული სიტყვების შეერთების თუნდაც ერთი შემთხვევა. ასე რომ არხალის არამეული არ („მთა“) და ქართული ხარი სიტყვებისაგან მომდინარეობა უნდა გამოირიცხოს. სახელწოდების წარმოშობის გარკვევაში ძალზე გვეხმარება აკად. ნ. ბერძენიშვილის მიერ მოწოდებული ცნობა იმის შესახებ, რომ არხალს ძველად არხლიანთ კარი რქმევია. ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არხალი ანთროპონიმული (გვაროვნული) წარმოშობის სახელი ყოფილა, რამდენადაც საზღვრული სიტყვა კარი ძირითადად ისეთ ტოპონიმებს დაერთვის, რომლებშიც ამა თუ იმ გვარის სიმრავლეა აღნიშნული: გონჯილაანთკარი, ცალუღელაანთკარი, წიკვლიაანთკარი, ჩეკურაანთკარი… კობიაანთკარი, ვარსიმაანთკარი, მილახვრიანთკარი… მაშასადამე, არხალი (არხლიანთკარი) ნიშნავს: „არხალიშვილების||არხლიშვილების სოფელი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები